პატარა, 19, 20, 22 წლის ბავშვები ჰყავთ დაჭერილი და ფიქრობდნენ, რომ იმათ მაინც აუცილებლად გატეხდნენ, მაგრამ შეცდნენ, აღმოჩნდა, რომ ამ პატარა ბიჭებს უფრო ჰყვარებიათ საქართველო, ვიდრე „ოცნების“ ხელისუფლებას,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის, საბა სხვიტარიძის დედამ ელენე ახობაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ არც მისი შვილის და არც სხვა დაკავებულთა საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
„კობახიძემ და სრულიად „ოცნებამ” ძალიან კარგად იციან, რომ მტკიცებულებები არ გააჩნიათ, ვერაფერს გვიმტკიცებენ ვერც საბას პროცესზე, ვერც სხვა ბიჭების პროცესზე. თავიანთ ფარსში, ცირკში თვითონ გაიჭედნენ და ახლა, ეძებენ გამოსავალს. მივმართავ, რომ ცოტა გონს მოეგნენ, რადგან გამოსავალი ძალიან ახლოს აქვთ, ევროკავშირმა პირობები დაუყენა და არჩევნები ნორმალურად რომ ჩატარდეს და ცხოვრება ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელოთ, აუცილებლად უნდა გამოუშვან პოლიტპატიმრები იმიტომ, რომ თვითონაც იციან, რომ მტკიცებულებები არ გააჩნიათ, ამას ვერც ვერასდროს მიაღწევენ და ეს ხალხი პოლიტპატიმრებად ყოველთვის დარჩებათ. ეს ძალიან კარგად იციან და ეს ძალიან აწუხებთ, უკვე შეაწუხათ. ამათმა ვერ გატეხეს ეს პოლიტპატიმრები. ჩემი შვილი აწამეს, მაგრამ ხელი ვერ მოაწერინეს, აღიარება მაინც ვერ მიიღეს და ვერც ვერასდროს მიიღებენ“,- განუცხადა ელენე ახობაძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
ამ წუთებში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის, საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სხდომას ესწრება ბრალდებულიც.
საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.
