მისი[პოლიციელის] ჩვენება საფუძველი არის იმისა, რომ სასამართლომ გამოიტანოს გამამართლებელი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, სადაც მოწმის სტატუსით პოლიციელი გამოიკითხა.
ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, იგი წინააღმდეგობაში მოვიდა ყველა სხვა მოწმესთან, თუმცაღა დაადასტურა, რომ გამოიყურებოდა და იქცეოდა როგორც ე.წ. ტიტუშკა და არა პოლიციის თანამშრომელი.
„დღეს მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული მირიან ქავთარაძე, რომელიც არის ოპერატიული სამმართველოს ერთ-ერთი უფროსი. მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ნამდვილად ის იყო, რომელიც იგინებოდა მოქალაქეების მიმართ, ნამდვილად მან დაიწყო კონფლიქტი. ცდილობდა, რომ „კაპიუშონი“ ისევ დაეფარებინა მოხდისას, რადგან არ უნდოდა გამჟღავნებულიყო. მან ვერ იცნო საბა სხვიტარიძე და არ დაასახელა, რომ საბა სხვიტარიძეს უთხრა, რომ იყვნენ პოლიციელები. ის ამბობდა, რომ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, მაგრამ ჩვენ ყველა მტკიცებულება გვაქვს, რომ ამას არ ამბობს. იგი წინააღმდეგობაში მოვიდა ყველა სხვა მოწმესთან, თუმცაღა დაადასტურა, რომ გამოიყურებოდა და იქცეოდა როგორც ე.წ. ტიტუშკა და არა პოლიციის თანამშრომელი. უფრო მეტიც, ვიდეოჩანაწერზე მე ვანახე მისი თანამშრომლები და მან ვერ იცნო. თქვა, რომ სახეზე ვერ ვცნობ იმიტომ, რომ პირბადე უკეთიათ და კაპიუშონი“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
