საბა სხვიტარიძე: დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვესხა ტიტუშკა, რომელსაც არანაირი საცნობი ნიშანი არ ჰქონდა პოლიციელის

“მე პოლიტიკური პატიმარი ვარ და ეს პროცესიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, თუმცა იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში მაინც რაღაც ლოალობას გამოიჩენს.
დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვესხა ტიტუშკა, რომელსაც არანაირი საცნობი ნიშანი არ ჰქონდა პოლიციელის – ეცვა ჩვეულებრივი კაპიუშონი, პირბადე ეკეთა როგორც აღნიშნეს; იძალადა ქალზე, გვაგინებდა და აგრესიით გამოირჩეოდა ჩვენი მიმართულებით.
მე გამიტაცეს, მაწამეს განყოფილებაში ორჯერ, რაც არ იკმარეს და მკაცრი რეჟიმის იზოლატორში გადამიყვანეს, დამაბრალეს პოლიციელზე ძალადობა, რაც არის სრული აბსურდი.
თუ ვინმეა ამ საქმეში დამნაშავე, ეს არის ის ტიტუშკა, მირიან ქავთარაძე (თუ არ ვცდები) და პოლიციელები, რომლებმაც ჩემზე იძალადეს და ამ საქმეში მე დაზარალებულადაც მცნეს და რამდენადაც ვიცი, არავინ არ არის დაკავებული.
ბატონო პროკურორო, თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას, რომ თავს დაგსხმოდნენ და თქვენთან მდგომი ქალისთვის სახეში დაერტყა და საფრთხე შექმნოდა თქვენს მეგობრებს?
ეს არის თქვენისამართალი სამწუხაროდ – მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს; მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს.
სასამართლო ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით, საქართველოს და ქართველი ხალხის დემოკრატიულ მომავალს, ძირს უთხრის ევროპულ მომავალს და მიგვაქანებთ რუსეთში, ირანსა და ჩინეთში.
როგორ შეიძლება, ასობით, შეიძლება ათასობით ადმინისტრაციულ დაკავებაზე და სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ პროკურატურა იყოს მართალი?
როგორ შეიძლება პროკურატურა ერთხელ მაინც არ შეცდეს და ერთი მოქალაქე არ გამართლდეს – რანაირი პრაქტიკაა ეს?
ეს არის დიქტატურა, უსამართლობა – მე არ ვიცი რას გიხდიან ან რით გაშინებენ, მაგრამ ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის.
მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს ყოველი ყალბი ჩვენების გამო.
დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ – ქართველი ხალხი არ დაკარგავს ევროპულ მომავალს, ქართველი ხალხი არ დაიჩოქებს პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ
მოვა დრო და როდესაც გამოუყენებლები იქნებით რეჟიმისთვის, ისინიც მოგიშორებენ თავიდან და უსამართლობის წინაშე თქვენც დადგებით, მარტო.
ამ უსამართლობის დამკანონებლები თქვენ იქნებით.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს”. – თქვა საბა სხვიტარიძემ.
⭕ ცნობისთვის, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა