მას შემდეგ, რაც 2024 წლის შემოდგომაზე პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებულ აქტივისტ საბა სხვიტარიძეს პროკურატურამ წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქა, მისი ადვოკატი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სხვიტარიძე უდანაშაულოა. ადვოკატის განცხადებით, მხარე კმაყოფილი იქნება, როდესაც სხვიტარიძეს გაამართლებენ.
სხვიტარიძეს აქამდე ედავებოდნენ „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას“.
ეს ბრალი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
დღევანდელ, 24 ივლისის სხდომაზე კი მას ბრალდება შეუცვალეს – „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება“.
ახალი ბრალდება ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას, ასევე ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ან შინაპატიმრობას.
„ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია არ იყო მხოლოდ მუხლის ცვლილება. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ საბა სხვიტარიძე აღნიშნულ ქმედებაში არის სრულიად უდანაშაულო და ის უნდა გამართლდეს“, – განუცხადა სხვიტარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლოს ეზოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს.
„არავინ იფიქროს, რომ დაცვის მხარე მუხლის გადაკვალიფიცირებით კმაყოფილი იქნება. ჩვენ კმაყოფილებას გამოვთქვამთ მაშინ, როდესაც სასამართლოში საბა სხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმე გამოცხადდება დაუსაბუთებლად და მოსამართლე გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს“, – განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორი
სხვიტარიძის საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ „პროკურატურა ყოველთვის ხელმძღვანელობს მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით“:
„ვინაიდან დადასტურდა, რომ შესაძლოა ბრალდებულს უტყუარად არ სცდოდნოდა, რომ პოლიციელები ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას“, – უთხმა მან ჟურნალისტებს.
კითხვაზე, „დადგა თუ არა თავდაყირა პროკურატურის მტკიცება“, მან განაცხადა: „მიმაჩნია, რომ ეს იყო ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება“.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ასევე გადაიხედა საბა სხვიტარიძისთვის შეფარდებული პატიმრობა, თუმცა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ძალაში დატოვა შეფარდებული წინასწარი პატიმრობა.
„დღევანდელი მოცემულობა ახალი გარემოებაა, გადავიდა ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაში…თუმცა დღეის მოცემულობით სახეზეა იგივე საფრთხეები კვლავ, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში“, – თქვა სასამართლომ.
საბა სხვიტარიძის საქმე
პარტია „ახალის“ წევრი, აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს, მანამდე რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო.
პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება.
პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, გარეთ შეიკრიბა შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი.
ფორუმი
