ირაკლი ხმალაძე არის ის ერთ-ერთი მთავარი საცეცი, რომლის საშუალებითაც კახა კალაძე თბილისელებს მთელი ამ წლების განმავლობაში ჰპარავდა ფულს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე საუბრობს.
ოპოზიციონერის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლებული ირაკლი ხმალაძე ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომლის მეშვეობითაც კახა კალაძის გუნდი წლების განმავლობაში ახორციელებდა კორუფციულ სქემებს თბილისის მერიაში.
საბა ბუაძის თქმით, მისი გადადგომა არ არის უბრალო საკადრო ცვლილება და მან კითხვებს უნდა გასცეს პასუხი იმ სავარაუდო ფინანსურ გარიგებებზე, რომლებიც უკავშირდება კალაძეს და ასევე “ქართული ოცნების” ყოფილ წევრებს.
ირაკლი ხმალაძე არის ის ერთ-ერთი მთავარი საცეცი, რომლის საშუალებითაც კახა კალაძე თბილისელებს მთელი ამ წლების განმავლობაში ჰპარავდა ფულს. სწორედ ამიტომ ის პირდაპირ კი არ გაუშვეს თანამდებობიდან, ვიცე-მერობიდან გადაიყვანეს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ და ახლა უკვე წყნარად და მშვიდად მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, თუმცა თანამდებობიდან გათავისუფლების მიუხედავად, დარჩა უამრავი კითხვა, რომელიც პასუხგასაცემია და ამ კითხვებზე პასუხები მან უნდა გასცეს გამოძიებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხდებოდა ჩვენი ქალაქის აოხრების და განადგურების ხარჯზე იმ ფინანსური ინტერესების მომსახურება, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული როგორც კალაძესთან, ისე ღარიბაშვილთან და “ქართული ოცნებიდან” აწ უკვე გაგდებულ ადამიანებთან. ამიტომ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან როდესაც არის საუბარი, ხმალაძის და კალაძის მონაწილეობის გარეშე და მათ მიმართ კითხვების დასმის გარეშე ეს გამოძიება თუ ანტიკორუფციული კამპანია იქნება, უბრალოდ, ფარსი. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება ხმალაძისთვის სხვა ფორმით პასუხის მოთხოვნას ან გამოძიების დაწყებას, რა თქმა უნდა, ნიშნავს კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას და სწორედ ეს არის ის ფაქტორი, რომელიც აყოვნებს ამ გამოძიებას, ვინაიდან კალაძის გუნდში ყოფნას დრეს აქვს “ქართული ოცნებისთვის” და ივანიშვილისთვის პოლიტიკური მიზანშეწონილობა და საჭიროება და როგორც კი ის ამ საჭიროებას აღარ მოემსახურება, ბუნებრივი, რომ ისინიც აუცილებლად გახდებიან ამ გამოძიების საგანი, – ამბობს საბა ბუაძე.
მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბრძანებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან ირაკლი ხმალაძე გათავისუფლდა. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ხმალაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ დაინიშნება მის ადგილას. ხმალაძე მანამდე იყო თბილისის ვიცე-მერი, ხოლო კარიერაში მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავა ენერგეტიკის სამინისტროში — 2008–2013 წლებში იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, შემდეგ კი მინისტრის მოადგილედ.
მისი გათავისუფლება ოპოზიციაში და ექსპერტთა წრეებში აღიქმება არა როგორც ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება, არამედ როგორც სავარაუდო კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული პოლიტიკური სიგნალი.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ბეთანიაში მდებარე 362 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი და დიდი ეზო, რომელიც რეალურად ხმალაძეს უკავშირდება, ყოფილი თანამშრომლის, თამარ მელიქიშვილის სახელზეა გაფორმებული. გამომძიებელ ჟურნალისტთა ცნობით, ქონება შეძენილია სესხის გარეშე, დაახლოებით 1,2 მილიონი ლარის ღირებულებით, რამაც გააჩინა კითხვები მისი დეკლარაციის სიზუსტესა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე.
მელიქიშვილი ამ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს, მაშინ, როცა ექსპერტების შეფასებით, ხმალაძის გადადგომა შესაძლოა იყოს მთავრობაში მიმდინარე შიდა საკადრო წმენდის ნაწილი.




