საბა ბუაძე – ჩვენ ვრჩებით ქარტიის ერთგული – არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, ამომრჩეველს ეკითხოს, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი

ჩვენი ფორმულა არის ერთადერთი, რომ მაქსიმალური მოტივაცია გავუჩინოთ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მისვლის იმისათვის, რომ მათ იცოდნენ – მათი პრობლემები და მათი გასაჭირი არის პოლიტიკურ დღის წესრიგში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ბუაძის თქმით, კოალიცია “ძლიერი საქართველო” ქარტიის ერთგული რჩება.
“ჩვენ ვრჩებით ქარტიის ერთგული და იმ ვალდებულებების, რომელიც ქარტიის პირობებში ავიღეთ ქართველი ხალხის წინაშე. ჩვენ მადლიერები ვართ პრეზიდენტის იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ამ ქვეყნისთვის ძალიან საკვანძო მომენტში შეასრულა მნიშვნელოვანი, მაკოორდინირებელი ფუნქცია. მან პოლიტიკური ოპოზიციის პროდასავლური და პროევროპული იდეის გარშემო გაერთიანება მოახერხა, ძალიან კონკრეტული დღის წესრიგით და ეს არის ის დღის წესრიგი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თუმცა, ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება არის სწორედ ის ამოცანა, რომელიც შესრულებაზეც ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ და მთავარი სამიზნე არის ხელისუფლების ცვლილება და ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგიც ამას ერგება.
ჩვენი ფორმულა არის ერთადერთი, რომ მაქსიმალური მოტივაცია გავუჩინოთ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მისვლის იმისათვის, რომ მათ იცოდნენ – მათი პრობლემები და მათი გასაჭირი არის პოლიტიკურ დღის წესრიგში, ის საკითხები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ჩვენ ამას ვაკეთებთ ერთადერთი მოტივაციით, რომ საზოგადოება იყოს მონდომებული იმისათვის, რომ მივიდეს საარჩევნო უბანზე და საკუთარი თავი დაინახოს ამ პროცესში და იცოდეს, რომ ის ცვლილება, რომელიც მოხდება, მოხდება მათთვის, მათი კონკრეტული პრობლემების მოგვარებისათვის.
პენსიონერმა უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლების ცვლილება, “ძლიერი საქართველოს” კოალიციურ ხელისუფლებაში მოყვანა ნიშნავს იმას, რომ პენსიონერის პენსია გაიზრდება ათას ლარამდე. ასევე, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი არჩევნებზე წასვლა არის მნიშვნელოვანი იმ საკითხის გადაწყვეტაში, რასაც ჰქვია ახალგაზრდებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმება, რომლებსაც ჩვენი კოალიცია “ძლიერი საქართველო” სთავაზობს პირველ გარანტირებულ ანაზღაურებად სამსახურს, რომელიც არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეკონომიკურად სტიმული მივცეთ კერძო სექტორსაც და სახელმწიფო სექტორსაც, არამდე მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ამ ახალგაზრდებმა თავისი მომავალი დაგეგმონ, ამ ქვეყნიდან გაქცევაზე ყველას ცალი თვალი არ ეჭიროს.
ჩვენ ჯერ უნდა დავამარცხოთ ს გზით და ყველაფერი ზუსტად ამას ადასტურებს, რომ ივანიშვილი დამარცხდება 26 ოქტომბერს, ამიტომაც, იმისთვის, რომ ჩვენ დავაჩქაროთ და კიდევ უფრო მეტად ხელი შევუწყოთ ივანიშვილის დამარცხებას, აუცილებელი არის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი იყოს კონცენტრირებული იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. მე აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებ და არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, ამომრჩეველს ეკითხოს, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი, ხალხს ხედვა უფრო აინტერესებს. მე არ მინდა, ხელი შევუწყოთ ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ ცრუ ნარატივს, რომ, თითქოს სადმე არის შეუთანხმებლობა რამესთან დაკავშირებით. შეთანხმება არსებობს დღის წესრიგზე, რეფორმების ძალიან ვრცელ პაკეტზე, რომელიც ქარტიის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და ეს არის ის რეფორმები, რომლებსაც ევროკავშირი ითხოვს საქართველოსგან”, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ