საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?

„ქართული ოცნება“ ყელმოღერებით პრეტენზიებს ეუთოს ფაქტების დამდგენ მისიას რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – თუ „ქართულ ოცნებას“ პრეტენზია აქვს იმ ყველაფერზე, რაც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშშია ასახული, შეეძლოთ თავად გამოეძიებინათ, ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ამ ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდობა ქუჩაში უმოწყალოდ სცემეს და ქვეყანას სისხლიანი დღეები მოუწყვეს, – ასე გამოეხმაურა ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნას და მასთან დაკავშირებით ხელისუფლების შეფასებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე.

ბუაძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა ისიც, რომ ამ ქვეყანაში “ქართული ოცნების“ მიერ ადამიანები დაისაჯნენ ტროტუარზე დგომისთვის, “ფეისბუქზე“ პოსტების დაწერისთვის და გარდა ამისა, “ხალხს ჯიბიდან ათასობით ლარი მოჰპარეს“.

როგორც ბუაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, “ქართული ოცნების“ მიმართ წნეხი გაიზრდება, იზოლაცია და სანქციები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება, დღის წესრიგში უფრო მწვავედ დადგება სხვა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმები.

“პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეუთო არის ის უკანასკნელი პოლიტიკური ტრიბუნა, სადაც “ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ აგრძელებს საქმიანობას. “ქართული ოცნება“ ევროპარლამენტთან ფაქტობრივად აღარ ურთიერთობს, იგივე შეიძლება ითქვას ევროსაბჭოზე და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. დარჩა მხოლოდ ეუთო, როგორც პოლიტიკური ტრიბუნა ევროპისთვის.

ამ თვალსაზრისით “მოსკოვის მექანიზმი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მას ორი განზომილება აქვს – აქვს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი განზომილება. “მოსკოვის მექანიზმი“ ფაქტების დამდგენი მისიაა. ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სპეციალური მოკვლევა ჩატარდა და დადასტურდა როგორც შემდგარი ფაქტი ის დარღვევები, რაზეც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. “მოსკოვის მექანიზმმა“ დაადასტურა ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უმძიმესი ფონი, რომელიც მოიცავს როგორც წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ქუჩებში სისასტიკეს, რასაც გასულ წელს ნოემბერ-დეკემბერში მთელი მსოფლიო ხედავდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ეუთოს “მოსკოვის მექანიზმმა“ აღიარა დარღვევები, რაზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო საუბარი. მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, თუ როგორ უსწორდებოდნენ ადამიანებს საქართველოს ქუჩებში, როგორ სასტიკად სცემდნენ ჟურნალისტებს, როგორ ახტებოდნენ ნიღბიანი პირუტყვები თავზე ქალებს. გვახსოვს ნაცემი პოლიტიკოსები, დასისხლიანებული მოქალაქეები.

ამის შემდეგ “ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდა ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. კანონების მთელი კასკადი მიიღეს, რომლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი მაქსიმალურად შეზღუდულიყო. ასევე ვნახეთ, როგორ გაილაშქრა “ქართული ოცნება“ პოლიტიკურ უფლებებზე, როცა ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება წაართვა, პოლიტიკური ლიდერები დააპატიმრა, პოლიტიკური პარტიების გაუქმება დააანონსა, სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით არანაირი კეთილსინდისიერება არ გამოიჩინა.

“მოსკოვის მექანიზმი“ არ სჭირდებოდა იმას, თავად “ქართულ ოცნებას რომ გაეცნობიერებინათ, რომ აქედან უკან დახევის გზა მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ნების აღსრულება და ქართველი ხალხის ნების პასუხად უკან დახევა იყო. “ქართულ ოცნებას“ ეს მოეთხოვებოდა.

“ეუთოს მოსკოვის“ მექანიზმის დასკვნა უტყუარი აღიარებაა იმისა, რომ კრიზისი ქართველი ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე ვერ განიმუხტება. “ქართულ ოცნებას“ მოუწევს თვალი გაუსწოროს რეალობას, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი და მისი დათრგუნვის მცდელობით კრიზისი ვერსად ვერ წავა – პირიქით, უფრო მეტად გაღრმავდება. როგორც არ უნდა ცდილობდეს მათ შორის მათი პროპაგანდა არსებული წინააღმდეგობის მარგინალიზებასა და იმის თქმას, რომ ქუჩაში 5-10 კაცი დგას, ფაქტია, რომ წინააღმდეგობა არსებობს და კრიზისი ვერ გაილევა.

კრიზისის გადაჭრის გზები ქართველი ხალხის ნების აღსრულებაზე გადის. მათ შორის საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის გზაც ქართველი ხალხის ნების აღსრულებაზე გადის. თუ ეს ყველაფერი არ მოხდა, მეორე მხარეს არის მათთვის ძალიან მძიმე პერსპექტივა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ბუაძემ პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგის შესახებაც ისაუბრა, რომლის თაობაზეც ყურადღება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტის ფარგლებში გაამახვილა. ბუაძის თქმით, ასეთი ტიპის მოლაპარაკების საჭიროებას ხედავს, თუმცა მისივე შეფასებით, ეს უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების ციხეში ყოფნის ფონზე ვერ მოხდება.

ბუაძის განცხადებით, დიალოგისთვის ნიადაგი უნდა შეიქმნას და ამ ნიადაგის შექმნის პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას“ აქვს.

“სამოქალაქო დაპირისპირების ზღვართან ვართ, რაც რა თქმა უნდა, წახალისებულია იმის მხრიდან, ვინც ხელისუფლებაშია. მისი პასუხისმგებლობაა ის, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე ასე ტოქსიკურ გარემოდ ჩამოყალიბდა. საზოგადოება დაანაწევრეს და სერიოზული დაპირისპირების ზღვარზე მიიყვანეს.

“ქართულმა ოცნებამ“ კრიზისის არსებობდა უნდა გაიაზროს და აღიაროს, რომ კრიზისის გადაჭრის გზა უკან დახევასა და დეესკალაციაზე გადის. როდესაც დიალოგზეა საუბარი, “ქართული ოცნება“ არ უნდა გამოდიოდეს და დიალოგთან მიმართებით რაღაც წინაპირობებს არ უნდა აყენებდეს.

იმისათვის, რომ დიალოგი შედგეს, არც ერთი მხრიდან რაღაც ტიპის პირობების დაყენება არ უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, არსებობს მორალური კატეგორიები და ისეთი მორალური პირობები, როგორიც საპატიმროში მყოფი ადამიანები, სინდისის პატიმრები და პატიმარი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური პოზიციის გამო გამოკეტა. “ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი პროცესი იმაზე უნდა გადიოდეს, რომ ასეთი მძიმე ფონი არ გვქონდეს და საუბარი საპატიმროში მყოფი ადამიანების ფონზე არ მიდიოდეს. ეს იქნება მათი მხრიდან საუკეთესო ნიშანი იმისა, რომ რაღაცა ტიპის დიალოგზე მზად არიან.

რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ საშუალება იმისა, რომ ამ ადამიანების ბედითა და თავისუფლებით გვევაჭროს, მაგრამ იმ პირობებში როდესაც ხალხი სრულიად აბსურდული ბრალდებებით პატიმრობაში არიან და წელიწადზე მეტია საკუთარ ოჯახებს მოწყვიტეს, ეს ყველა იმ ადამიანზე მოქმედებს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. “ოცნების“ პროპაგანდისტებისგანაც გვესმის, რომ რესტორანში ვეღარ დადიან და ნორმალურად ვეღარ ცხოვრობენ. ესეც არის აღიარება იმის, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება “ქართული ოცნების“ ამომრჩევლებსაც არ უნდათ.

პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის “ქართულ ოცნებაზე“, რომელიც უნდა მიხვდეს, რომ თუ მოლაპარაკებების სურვილი აქვს, ეს ვერ წარიმართება იმ ფონზე, როცა ხალხი ციხეშია.

თვალს ვადევნებდით, რომ , ჰამასი და ჰეზბოლაც კი ელაპარაკებოდა ერთმანეთს. ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია რესურსი იმისა, რომ ერთმანეთს ველაპარაკოთ. ერთმანეთთან საუბრის დემონიზებას არავინ არ უნდა ეცადოს, მაგრამ ამ ყველაფერს გააჩნია კონტექსტი და კონტექსტი მდგომარეობს იმაში, რომ დიალოგისთვის ნიადაგი უნდა შეიქმნას. ამ ნიადაგის შექმნის პასუხისმგებლობა კი “ქართულ ოცნებას“ აქვს, რომელმაც ეს კრიზისი შექმნა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.