საბა ბუაძე – მთავრობა, ხალხის ინტერესების სამსახურის ნაცვლად, კორუფციული საქმიანობით იყო დაკავებული – ფსევდო ანტიკორუფციული ბიურო „ოცნებამ“ ერთგვარ ლეღვის ფოთლად შექმნა

„ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტოს საპარლამენტო პროცესის ობსტრუქცია და განსახილველად გამოიტანოს ჯერ კიდევ 3 წლის წინ „ლელოს“ ინიციირებული კანონპროექტის ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს განკარგულებები, რომელიც 3 წლის განმავლობაში იმალებოდა.
ამასთან, „ლელოს“ მოითხოვს, რომ სასწრაფოდ დაინიცირდეს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის პროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების ჩართულობით წლების წინ მომზადდა.
„ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ფასადურ ნაბიჯებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამს კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ირაკლი და მთავრობის უცვლელი შემადგენლობა არიან თანამზრახველები ყველა იმ კორუფციული გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღებოდა და მიიღება ს დროს და მთლიანად ივანიშვილის მმართველობის პირობებში. ყველა ამ გადაწყვეტილებას პარლამენტიდან მწვანე შუქს უნთებდა და მეტიც პირდაპირ ობსტრუქციას ახდნენ იმ ანტიკორუფციული ნაბიჯების, რომელსაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვდგამდით. მათ ჩააგდეს ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შესახებ კენჭისყრა და შესაძლებლობა არ მოგვცეს, რომ გამოგვეძიებინა და ხალხს გაეგო იმ კორუფციული სქემების შესახებ, რომელიც ძალიან მრავლად არის დაგროვილი. მათ სამი წლის განმავლობაში 8-ჯერ გადადეს „ლელოს“ მიერ ინიციირებული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ზუსტად ყველა იმ მიმართულებას ეხმიანება, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს განუსაზღვრა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. შესაბამისად, ამ ფასადური ნაბიჯების მიღმა აუცილებელი არის შემდეგი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ გამჭვირვალობის გარემო ამ ქვეყანაში გაუმჯობესდეს, რაც თავის მხრივ კორუფციის თვალსაზრისით ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მბოჭავია.
პირველი, უნდა მოხდეს წლების განმავლობაში ღარიბაშვილის და გახარიას პრემიერობის დროს დამალული მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება და ეს არის იმ მთავრობის განკარგულებები, რომლებითაც მაგალითად: ივანიშვილისთვის ხდებოდა საინვესტიციო ვალდებულებების შემცირება, პირგასამტეხლოს შემცირება ხდებოდა, სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ადამიანებთან ხდებოდა და ეს არის წლების განმავლობაში კარგად ჩამოყალიბებული პრაქტიკა და საქართველოს მთავრობა, ნაცვლად ქართველი ხალხის ინტერესების სამსახურისა, სწორედ, ასეთი კორუფციული საქმიანობით იყო დაკავებული, რაც ზუსტად არის ასახული მთავრობის განკარგულებებში. შესაბამისად, უნდა მოხდეს ამ განკარგულებების გამოქვეყნება, ასევე, უნდა მოხდეს ჩვენს მიერ ინიციირებული კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად გამოტანა და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, რომ შეადაროს ის ფსევდო ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც „ოცნებამ“ შექმნა რაღაც ერთგვარ ლეღვის ფოთლად და მეორე მხრივ, ჩვენს მიერ და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით შემუშავებული მოდელი, რომელიც რეალურად აღჭურვილი არის საგამოძიებო ფუნქციით და დაკავებული უნდა იყოს რეალურად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით“, – აღნიშნა ბუაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა გამოაქვეყნოს იმ თანამდებობის პირების ვინაობა, რომელთა დეკლარაციებიც გადაგზავნილია საქართველოს პროკურატურაში.
„ასევე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაინიცირდეს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც თავის დროზე ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა. აგრეთვე, ანტიკორუფციის ბიუროს მივმართავთ, რომ გამოაქვეყნოს იმ თანამდებობის პირების სახელები და გვარები, რომელთა ოჯახის წევრებიც და ახლო ნათესავებიც დასაქმებულები არიან ამ ბიუროში, რაც თავის მხრივ, ისედაც მიზერულ ნდობას უწყების მიმართ კიდევ უფრო მარგინალიზებას უკეთებს“, – განაცხადა ბუაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ