კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც ამ გამოძიებას აქვს – ეს არის ბოტასების ქურდის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის თარგზე მოჭრილი პროკურატურა, რომელიც ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
ბუაძის განცხადებით, მისთვის გამაოგნებელი იყო, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით მიმდინარეობს.
„კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც ამ გამოძიებას აქვს. აქ კითხვები არ დასმულა იმისათვის, რომ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით მიეღო გამოძიებას ინფორმაცია. ეს არის წინასწარ ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მოტივაციით შედგენილი შეკითხვები. მე დღეს წარვადგინე კონკრეტული ფაქტი, სადაც ვიდეოზე აღბეჭდილი არის გარდაცვლილი ადამიანის დედა, რომელიც საუბრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი 4 წელზე მეტია არის გარდაცვლილი, მაინც იმყოფება საარჩევნო სიაში. ყველაზე გამაოგნებელი, რაც ჩემთვის იყო დღეს, არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მუხლით. პროკურატურა არ აწარმოებს გამოძიებას ზეგავლენაზე, არ აწარმოებს გამოძიებას არჩევნების უფლების ფარულობასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ბუაძემ.