ივანიშვილის მხრიდან არჩევნების დანიშვნა იქნება მისი მარცხის გაფორმება. გვჭირდება „ქართულმა ოცნებამ“ თვალი გაუსწოროს პოლიტიკურ კრიზისს, არჩევნების დანიშვნა რეჟიმის ჩამოშლის მთავარი გამოხატულება უნდა იყოს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
აღნიშნულით საბა ბუაძემ პოლიტიკოსის, კახა კახიშვილის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებული განცხადება შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ შესაძლებელია კრიზისის განმუხტვის მიზნით, 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, იქამდე კი „ქართულმა ოცნებამ“ ორი წელი შეიძლება გამოიყენოს საპარლამენტო საქმიანობაში სხვადასხვა რეგულაციის შესაქმნელად“.
„არ ვიცი, კახიშვილი და ივანიშვილი რას ფიქრობს. არჩევნების დანიშვნა წარმოგვიდგენია ივანიშვილის მარცხის აღიარებად. შიდა და გარე წნეხის საფუძველზე, ივანიშვილის მხრიდან არჩევნების დანიშვნა იქნება მისი მარცხის გაფორმება და ამის აღიარება. ეს უნდა იყოს არჩევნები. ივანიშვილი თავისი სურვილით თუ დანიშნავს არჩევნებს, ცხადია, აქ საუბარი, რომ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად იქნა მიღწეული, რთული იქნება. გვჭირდება მათ თვალი გაუსწორონ პოლიტიკურ კრიზისს, არჩევნების დანიშვნაც იყო რეჟიმის ჩამოშლის მთავარი გამოხატულება. ჩვენ გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, ზეწოლა პარტნიორებთან მუშაობა, რათა ამ ორმა ფაქტორმა ცვლილება მოახდინოს“, – აღნიშნავს ბუაძე.
საბა ბუაძე კახა კახიშვილის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა „ნამდვილი ოპოზიცია“ შექმნას და თორნიკე რიჟვაძეს, გრიგოლ ლილუაშვილს და იმ ადამიანებს, რომელთაც საკადრო ცვლილებები შეეხოთ და „ისე დარჩნენ“, [ოპოზიციაში] თავისი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მიეცეთ, ისე როგორც, ამავე კონტექსტში კახიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილიც ახსენა, რომელიც, მისი აზრით, „მოვა დრო და წავა „ქართული ოცნებიდან“. საბა ბუაძის შეფასებით, მისთვის გაუგებარია, ვის ოპოზიციაში უნდა იყოს ღარიბაშვილი.
„ირაკლი ღარიბაშვილი რის ოპოზიციაში უნდა იყოს?! კორუფციის, რომელიც ივანიშვილის პირობებში დამკვიდრდა და საუკეთესო გამოხატულება ღარიბაშვილს უკავშირდება? კარგად გვახსოვს, ჯერ კიდევ გასულ წელს, ღარიბაშვილმა აშშ-ში კერძო თვითმფრინავით გაამგზავრა მისი შვილი, დეკლარაციაში არ მიუთითა. რატომ უნდა იყოს ივანიშვილთან ოპოზიციაში? იმის გამო, რომ ქვეყნის კურსი გადაიყვანეს რუსულ ვექტორზე?! რაზე უნდა იყოს პოლიტიკური განსხვავებები?!“ – აღნიშნა ბუაძემ.
რაც შეეხება სხვა თემებს, მან „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებიც შეაფასა, რომლის თანახმადაც, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.
როგორც ბუაძემ აღნიშნა, „პაპუაშვილები და კობახიძეები გრანტებზე არიან გამოზრდილები, დონორი ორგანიზაციებიდან გადახტნენ ივანიშვილის კალთაში და ახლა საზოგადოებას ეუბნებიან, რომ გრანტების აკრძალვას აპირებენ“.
„ესეც პოლიტიკური კრიზისის აღიარება არის. ესეც მათი უძლურობის დემონსტრირებაა. ახლა გრანტებს უნდა სდიონ და რამდენი ათასი დოლარი დაერიცხება ვიღაცას ეს უნდა აკრძალონ. ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის აღიარება, ივანიშვილს გონია რომ ამ პოლიტიკურ კრიზისს იმით განმუხტავს, რომ რუსული და თურქმენული სტილის კანონმდებლობას მიიღებს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს, ყველანაირი საქმიანობა შეზღუდულია. რაც არ უნდა დააზუსტონ, მათი მხრიდან ყველაფერი კომიკურია. ეს ხალხი წლების განმავლობაში ფინანსდებოდა და დაფრთიანდა ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ამ გრანტებზე არიან გამოზრდილები პაპუაშვილებიც და კობახიძეებიც. ამ დონორი ორგანიზაციებიდან გადახტნენ ივანიშვილის კალთაში და ახლა საზოგადოებას ეუბნებიან, რომ გრანტების აკრძალვას აპირებენ“,- აღნიშნა ბუაძემ.
გარდა ამისა, მან „ნაციონალურის მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრა. როგორც ბუაძემ აღნიშნა, „წულუკიანის ბოღმის ფრქვევის პლატფორმის“ ერთ-ერთი ამოცანაა რეალური საკითხების გადაფარვა.
„წულუკიანის ბოღმის ფრქვევის პლატფორმას, რომელსაც ეძახიან კომისიას, აქვს ორი ამოცანა. პირველი: რეალური საკითხებიც გადაფარვა. სადაც „ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს სათქმელი, არც სამუშაო ადგილებზე აქვთ სათქმელი, არც ჯანდაცვაზე, არც მოშიმშილე ბავშვებზე.
კომისია თავისი მხრივ, არის კომიკური წარმონაქმნი. ვინც კი „ნაცმოძრაობის“ ავანგარდში იყო რაღაც თვალსაზრისთ, კარგად და კომფორტულად არის მოკალათებული „ქართულ ოცნებაში“. არალეგიტიმური პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე არის გივი მიქანაძე, რომელიც იყო ზურა ადეიშვილის მოადგილე.
სრულიად არ თანამშრომლობა არ ფსევდოკომისიას! ეს ძალიან ცხადად თქვა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ. ვხვდები, რატომ მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ ეს პროცესი. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ რჩება ძლიერ და დამოუკიდებელ მთავარ მეტოქედ. ეს არის იმის აღიარება, ვისი და რისი ეშინია ამ რეჟიმს. არ მიკვირს რომ ჩვენით დაიწყეს იერიში. ამას ჩვენი მხრიდან სჭირდება პრინციპულობა, წინააღმდეგობა. ჩვენება, არ ვაპირებთ უკან დავიხიოთ“, – აღნიშნა ბუაძემ.
