საბა ბუაძე: დღეს იყო ჩემი ბოლო სამუშაო დღე თბილისის საკრებულოში. პოლიტიკურ საქმიანობას ახალი და საინტერესო გეგმებით ვაგრძელებ

“ჩემო მეგობრებო, დღეს იყო ჩემი ბოლო სამუშაო დღე თბილისის საკრებულოში.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, VII მოწვევის საკრებულოში თბილისელების სახელით საქმიანობა იყო ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი, რისთვისაც ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ნდობა გამომიცხადა. ყველაფერთან ერთად, საკრებულოში საქმიანობა იყო უდიდესი გამოცდილება, რომელიც ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.
ამ წლების განმავლობაში ბევრს ვსაუბრობდი თბილისის ურბანულ პრობლემებზე, ტრანსპორტზე, სოციალურ პრობლემებზე, ჩვენი საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოებაზე, მიუსაფარ ცხოველებზე და იმ პრობლემებზე, რომლებსაც თქვენი სახელით ვაჟღერებდი.
საკრებულოში ჩემი ოთახის კარი ღია იყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ადგილობრივი პრობლემები აწუხებდა. მქონდა შეხვედრები ასობით მოქალაქესთან და მათი პრობლემებიდან გამომდინარე 1000-ზე მეტი მოკვლევა ჩავატარე სხვადასხვა საკითხზე.
ვინც თვალყურს მადევნებდით, შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ ჩემი საქმიანობის მთავარი ფოკუსი – თბილისის მერიაში გამეფებული ტოტალური კორუფცია, რომლის სათავეშიც კალაძე და მისი კლანი იდგა. ბევრი მხილების და მწვავე დაპირისპირების შედეგად ფარდა ავხადეთ იმ აღვირახსნილ კორუფციას, რომელიც გამეფებულია თბილისის მერიაში და საქართველოს მთავრობაში – ჩემი საქმიანობის ვადის მიწურულს ვნახეთ ფრთაშეჭრილი კალაძეც, რომელსაც მოუწია შელეოდა ზოგიერთ იმ საცეცს, რომლის მეშვეობითაც ფულს აკეთებდა. თუმცა, ამ კუთხით პრობლემა იქამდე იარსებებს, სანამ კალაძე მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელების ბედს არ გაიზიარებს, რასაც აუცილებლად ვნახავთ.
რა თქმა უნდა, ეს გზა ბევრი სირთულით და წარუმატებლობითაც იყო დახუნძლული – იყო ბევრი საკითხი, რომელსაც ვერ შევეხეთ, დარჩა კორუფციული ფაქტები, რომლის მხილებაც ვერ მოვასწარით, თბილისელების პრობლემები, რომელიც ვერ გავაჟღერეთ და ინიციატივები, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელეთ. თუმცა, მინდა იცოდეთ, რომ არ ვაპირებ გაჩერებას უკეთესი თბილისისთვის ბრძოლაში.
ახლა, როდესაც პოლიტიკურ საქმიანობას ახალი და საინტერესო გეგმებით ვაგრძელებ, ვაპირებ აქ შეძენილი გამოცდილება იმისთვის გამოვიყენო, რომ დაგანახოთ რამხელა შესაძლებლობები გვაქვს წინ, როგორც უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანას და მის დედაქალაქს, რაშიც თქვენი მხარდაჭერის იმედი ისევ მექნება” – წერს საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.
ბუაძემ ლელო – ძლიერი საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა.