მე დავტოვე თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, დავტოვე პოლიტსაბჭო, რაც ფაქტობრივად, პარტიის დატოვებას ნიშნავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, „თავიდან კი თქვით პარტიის წევრებმა, ვინც არჩევნებში მონაწილეობა გააპროტესტეთ, თანამდებობებს ვტოვებთ, მაგრამ პარტიაში ვრჩებითო, მაგრამ როგორც გავიგე, შენ პარტიაც დატოვე. მოდი, მაყურებელს აუხსენი, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ „ლელოს“ ერთ-ერთი სახე იყავი“.
როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, ვიღაცამ თქვა, რომ მისი განცხადება ორაზროვნებას ტოვებდა, „მათ გასაგონად შემიძლია ვთქვა, რომ „ლელოში“ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა დავასრულე“.
„ჩემთვის ნამდვილად მძიმე გადაწყვეტილება იყო იმდენად, რამდენადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრება „ლელოში“ დაიწყო იქამდე, სანამ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის სახელს მოვიფიქრებდით. პირველივე დღეებიდან ვიყავი „ლელოს“ შექმნის პროცესში ჩართული და ჩემი პოლიტიკური ოჯახი იყო. ჩემი მეგობრები დღესაც არიან იქ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია პარტიის დატოვება, მაგრამ არსებობს პრინციპები, რასაც უნდა მიჰყვე, როცა რაღაც გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგები. მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლებას ხელს შეუწყობს ვითარების ნორმალიზებისკენ წაყვანის მიმართულებით და ამ მთავარ არგუმენტზე დაფუძნებით, ვეწინააღმდეგებოდი და ვეწინააღმდეგები ამ ფორმით ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მით უფრო, რომ ოპოზიცია გაიყო. ერთიანი ბრძოლაც კი არ გამოვიდა და ეს ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია. ჩემი მეგობრებისთვის ნათქვამიც მქონდა – თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მივიღებთ, მე ვერ გავაგრძელებდი ამ გადაწყვეტილებაში თანამონაწილეობას და პარტიის დატოვება მომიწევდა, ეს ასეც მოხდა. მე დავტოვე თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, დავტოვე პოლიტსაბჭო, რაც ფაქტობრივად, პარტიის დატოვებას ნიშნავს. ვიღაცამ თქვა, ორაზროვნებას ტოვებსო, მაგრამ მათ გასაგონად შემიძლია ვთქვა, რომ „ლელოში“ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა დავასრულე, თუმცა, ცხადია, პოლიტიკური საქმიანობა არ დამისრულებია.
ჩემს გადაწყვეტილებაზე შემიძლია გითხრათ, რომ ამ პოზიციების დატოვება ჩემთვის არის პარტიის დატოვება, უბრალოდ მე არანაირ ახალ პოლიტიკურ ნაბიჯს არ ვდგამ ჯერჯერობით იქამდე, სანამ ჩემი მეგობრები არიან საპატიმროში“, – განაცხადა ბუაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „რასაც არ უნდა ამბობდეს კობახიძე და ივანიშვილის გუნდი, მათ ახლა სიტუაციის ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადადგმა სჭირდებათ“.
„ამ სიტუაციის ნორმალიზებას ისინი ვერ ახერხებენ. რამდენი ხალხიც არ უნდა იყოს ქუჩაში, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს ქუჩის პროტესტი ახლა, რომელმაც ვფიქრობ, ბევრ რამეს მიაღწია, მიმაჩნია, რომ ვითარების ნორმალიზება მათ შიგნითაც და გარეთაც სჭირდებათ. შიდა და გარე ნორმალიზებისთვის სჭირდებათ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა. მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ამ ფორმით გაძლიერებას და შეიძლება ეს ყველაფერი მათ ნორმალიზებისთვის გამოიყენონ“, – განაცხადა ბუაძემ.
მისი თქმით, ივანიშვილის ამოცანა არის, საქართველოში პოლიტიკური პროცესი მოკლას.
„ეს არჩევნები პოლიტიკური პროცესი არ არის იმიტომ, რომ ამაზე არ არის ხელისუფლების ცვლილების საკითხი დაკავშირებული. ეს ნაბიჯი დაკავშირებულია ძალიან სერიოზულ ორაზროვნებასთან. ამიტომ, ამ არჩევნებში არმონაწილეობა უფრო არის პოლიტიკური პროცესი, ვიდრე ამ არჩევნებში მონაწილეობა ამ ფორმით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ პოლიტიკური პროცესი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ბუაძემ.
რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, საბა ბუაძის განმარტებით, ჯერჯერობით, „არავითარი პარტიული გეგმა არ აქვს“. მისი თქმით, ახლა მისი მთავარი ამოცანა არის, ამ პროცესს დააკვირდეს და დაინახოს ის თანამოაზრეები, რომლებიც ამ პროცესში არსებობენ.
ამასთან, საბა ბუაძის შეფასებით, ოპოზიციური სპექტრი ერთიანობისკენ რეალურ ნაბიჯებს არ დგამს.
„ფაქტია, ერთიანობაზე ყველაზე მეტს ვინც საუბრობდა, იმ ხალხმა გადადგა ერთიანობის საწინააღმდეგო ნაბიჯები. ვგულისხმობ, არავის კონკრეტულს და ბევრს ერთად, ამას საზოგადოება შეაფასებს. ერთიანობაზე მიდის მუდმივად საუბარი, მაგრამ რეალური ნაბიჯების გადადგმა ამ ერთიანობისთვის არ ხდება. ვერ შედგა ეს ერთიანობა, რადგან მგონია, რეალურად და გულის სიღრმეში ამ ერთიანობის სურვილი არ არსებობს. ერთიანობაზე საუბარი ბევრად უფრო თვალთმაქცურია, ვიდრე რეალური მოტივი და სურვილი ერთიანობის.
ახლა გამიჭირდება საუბარი, ვისთან და რა ფორმით წარმომიდგენია თანამშრომლობა. აბსოლუტურად სხვანაირად წარმომიდგენია პოლიტიკური პროცესი. მგონია, რომ ახალი ხალხი უნდა შემოვიდეს ამ პოლიტიკურ პროცესში. ვინც „ნაცია“ დარჩეს „ნაცად“, ვინც არ არის „ნაცი“, თავისი გზა გააგრძელოს. ყველას ამოცანა არის, ჯერ საკუთარი თავი მოიყვანოს საუკეთესო ფორმაში და მერე გადადგას ერთიანობისთვის ნაბიჯები“, – განაცხადა ბუაძემ.
