“ყველა ადამიანის მესმის, ვისაც მხოლოდ რუსთაველის გადაკეტვა არ ჰყოფნის, ვისაც გრძელვადიანი გეგმა უნდა, პროტესტის გარდაქმნაზე ფიქრობს და ა.შ. აბსოლუტურად მესმის მათი ფრუსტრაციებისაც, ვისაც მეტი ადამიანის ნახვა სურს აქციაზე – მით უფრო იმ დღეს, როცა სტრასბურგში რუსული კანონის საჩივრის განხილვა დაიწყო, ამერიკაში – მეგობარი აქტის მიღება, ჩვენს პარლამენტში გამაგრებული რუსები კი ჰააგისა და მთელი მსოფლიოსგან გამართლებულ ქართველებს საჯარო სამსჯავროს უწყობენ.
გრძელვადიანი ამბების პრაგმატულად დაგეგმვა საჭირო და აუცილებელია, მაგრამ რუსთაველზე გასვლა მხოლოდ პრაგმატიზმის ამბავი არაა. მე პირადად რუსთაველზე გავდივარ და ვივლი არა იმიტომ, რომ ეს რაღაც ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი სქემის ნაწილია (თუმცა დიდ სურათში ესეც აუცილებელი მგონია), არამედ იმიტომ, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე ხელშესახები აქტი, რომლითაც ახლა ტყვეებისადმი სოლიდარობის გამოცხადება შემიძლია. სანამ თუნდაც ერთი პატიმრის ოჯახის წევრს ვხედავ რუსთაველზე, სახლში ჯდომას აქ გამოსვლა და დგომას ვარჩევ, მიუხედავად და განურჩევლად იმისა, თუ რამდენი ადამიანი დგას ირგვლივ. აქ მყოფები აქ არიან იმის გამო, რომ აქ დგომა თავისთავადი წინააღმდეგობის აქტია და არა იმიტომ, რომ აქედან გარდაუვალ ბენეფიტს მოელიან.
ვისაც რუსთაველის ალტერნატივებზე ფიქრი სურს, ისინი დამუნათებას და ცუდ სიტყვებს არ იმსახურებენ. ეგეც მოსაფიქრებელია. მაგრამ სანამ ალტერნატივა გამოჩნდებოდეს, ნურც ამ ხალხს უჩიჩინებთ, რომ აღარ გამოვიდნრნ, გზა აღარ გადაკეტონ და ა.შ. რუსთაველი ოთხი თვეა იკეტება და სანამ პატიმრები ტყვეობაში რჩებიან, დაე გრძელდებოდეს ასე. საღამოს აქ მოსვლა შეიძლება საკმარისად ეფექტიანი არაა, მაგრამ საერთაშორისო სცენის დალაგებამდე ყველაზე ეფექტიანი, ხილვადი, ხელშესახები ზუსტადაც რუსთაველზე გამოსვლა და ტყვეების გათავისუფლების ხმამაღლა მოთხოვნა რჩება,” – წერს სოციალურ ქსელში იურისტი საბა ბრაჭველი.