იურისტი საბა ბრაჭველი:
სამი კაცი ამბობს, ვიღაც უცხო ბიჭმა ერთ-ერთს ისე სცემა, ხელი მოსტეხაო. არც მანამდე იცნობდნენ ერთმანეთს, არც სერიოზული მოტივი არსებობს, არც ვიდეო, არც კამერის ჩანაწერი, არც მოწმეს გაუვლია ქუჩაში, მოკლედ – არავის არაფერი დაუნახავს, მაგრამ ზუსტად ასე მოხდაო.
ოთხიდან ექვს წლამდე სასჯელით ციხეში უშვებენ ახალგაზრდა გალელ ბიჭს, მხოლოდ ამ ჩვენებით, ნეიტრალური მტკიცებულების გარეშე. უბრალოდ, წლები ემუქრებოდნენ, ნუ აქტიურობო, და აუსრულეს, რა.
გელა ხასაია პირველი არ იქნება, არც უკანასკნელი. ორიდან რვანახევარ წლამდე სიცოცხლეები მოაკლეს უკვე ათეულობით სტუდენტს, ექიმს, პოეტს, ჟურნალისტს, მასწავლებელს, ტაქსისტს, მუშას, მსახიობს, ვეტერანს. გელა და სხვები სიკვდილამდე ვინც სცემეს, იმათ ცივი ნიავი არ მიჰკარებიათ.
რა აზრი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტებზე წერას? ნეიტრალური მტკიცებულების შინაარსის გარჩევას? საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მოშველიებას? იურიდიული ცნებებით ვის ვუმტკიცო, რომ ირგვლივ განუკითხაობა და უსამართლობა სუფევს? რომ სამართალს ვერსად იპოვი?
თუ თვალი გაქვს, დაინახავ. თუ ყური გაქვს, გაიგებ. თუ სინდისი გაქვს, იგრძნობ.
თუ სინდისი არ გაქვს, ნაციონალებიდან მასონებამდე ყველა საკენკ არგუმენტს მოიშველიებ, შენი მონობა რომ გაამართლო. კიდევ ბევრს დაიჭერენ, სცემენ, გააქცევენ, გააუბედურებენ, კიდევ უფრო უტიფარი და ამაზრზენი ფორმებით, და ამასაც მიეჩვევი, მიიღებ, როგორც ახალ ყოველდღიურობას. საქართველოს დაღუპვასაც შეეგუები. უსინდისოებზე შეგონებები არ ჭრის.
თუკი სინდისი გაქვს, ერთადერთი ადგილი, სადაც ამ შაბათს უნდა მიხვიდე – მზიასთვის, თორნიკესთვის, გელასთვის, ყველასთვის – სამართლის მაძიებლებთან, რუსთაველის გამზირზე იქნება.