საბა ბრაჭველი: თორნიკეს და მინდიას კი ვუშველით, მაგრამ სხვების უსამართლობის სადარაჯოზე მყოფი ხალხი თუ ასე სათითაოდ გამოგვაცალეს, თქვენ რომ მოგადგებიან (და კი მოგადგებიან), თქვენ რა გეშველებათ მერე?

“რომ იცოდეთ, როგორ ადამიანებს შეუფარდეს დღეს პატიმრობა:
– არასოდეს ჩაუდენიათ რაიმე დანაშაული.
– არასოდეს ჩაუდენიათ ადმინისტრაციული გადაცდომა, გზის გადაკეტვის გარდა.
– არასოდეს ჩაუდენიათ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა.
– სრულად მონაწილეობდნენ გამოძიებაში, იარეს გამოკითხვებზეც და ამოცნობებზეც, როცა იძახებდნენ.
– საქმეში არ არსებობს ბრალდების მოწმეები, გარდა ბექა გოცირიძისა, ვისაც თორნიკე და მინდია არ იცნობენ (მოწმეებზე ზემოქმედების რისკიაო არადა).
– თორნიკე რვა წელია არის საჯარო მოხელე, მთავარი აუდიტორი.
– თორნიკეს პასპორტიც კი არ აქვს, არავინ ჰყავს საზღვარგარეთ, რაც მიმალვის რისკს გამორიცხავს.
– ანალოგიურად, მინდიას ჰყავს სამი შვილი, მათ შორის, მცირეწლოვანი, ვისაც ის ყოველდღიურად სჭირდებათ.
– თვითონ დანაშაული, რასაც ედავებიან, ნაკლებად მძიმეა, ორწლიანი თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებრივ სამუშაოს.
– და რაც მთავარია: ვერავინ უარყოფს, რომ ეს დაპირისპირება, გინება, დამცირება პროვოკატორმა დაიწყო, პასუხად კი ჯანმრთელობის არავითარი დაზიანება არ მიუღია.
ამ ადამიანებს და ასეთ საქმეში თუ პატიმრობას უფარდებენ, თქვენ რა მოგივათ, ვისაც პასპორტებიც გაქვთ და გადაცდომებიც?
და თორნიკეს და მინდიას კი ვუშველით, მაგრამ სხვების უსამართლობის სადარაჯოზე მყოფი ხალხი თუ ასე სათითაოდ გამოგვაცალეს, თქვენ რომ მოგადგებიან (და კი მოგადგებიან), თქვენ რა გეშველებათ მერე?” – წერს ღია საზოგადოების ფონდის იურისტი, საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ, თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების 2 მონაწილე დააკავეს. მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
-ს განცხადებით, შერვაშიძემ და თოშხუამ ყოფილ ფეხბურთელზე და “ქართული ოცნების” მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს.
ცნობისათვის, დაკავების საფუძვლად წარმოდგენილია ჩვენება და ვიდეომასალა, რომელიც 1 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზეა გადაღებული. კადრებში გოცირიძე  მიდის აქციის მონაწილეებთან, სიტყვიერად შეურაცხყოფს მათ და ამის შემდეგ ჩხუბი იწყება.

აქტივისტების თქმით, მასალაში უნდა ჩანდეს ცივი იარაღიც, თუმცა მათი თქმით, ეს ეპიზოდი შსს-მ ამოაჭრა და ვიდეო არასრულად გაავრცელა.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას პროვოკაციის მოწყობის შემდეგ გოცირიძემ რამდენიმე წუთში “ტიკტოკის” აუდიტორიას თავად უამბო, რომ „რუსთაველზე შეკრებილებმა მისი ცემა ვერ მოახერხეს“.

თუმცა, თითქმის ორი კვირის შემდეგ, ყოფილი ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ თავად არის დაზარალებული და სამოქალაქო აქტივისტებმა მასზე ჯგუფურად იძალადეს.