“ეს არ არის ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, ეს არის სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის, რომელსაც ვეღარც ჟურნალისტები გააშუქებენ, ვეღარც კამერები გადაიღებენ და ახლა უკვე – ვეღარც თვითონ დაცვის მხარე გამოიკვლევს სათანადოდ”– ასე აფასებს იურისტი საბა ბრაჭველი “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ახალ კანონებს.
მისი თქმით, კანონები კიდე უფრო მას შემდეგ გამკაცრდა, რაც “დაშინების მცდელობამ არ იმუშავა”.
„არის კანონები, რომლებსაც ქოცები მხოლოდ თქვენს დასაშინებლად იღებენ და კანონები, რომლის გამოყენებასაც მართლა აპირებენ. გუშინ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში ორივეს მაგალითი გვხვდება.
პირველის მაგალითი გზის გადაკეტვის ჯარიმის გასაჩივრების ცვლილებაა. როგორც გახსოვთ, თებერვალში ახალი წესი შემოიღეს, შსს-ს მაქსიმალურად ბევრი ჯარიმა რომ დაეწერა და რუსთაველის გადაკეტვა შეჩერებულიყო. მაშინ ვვარაუდობდით, რომ შსს ამდენი ჯარიმის პროცესინგს ვერ აუვიდოდა და ჯარიმების გადახდა დროში გაიწელებოდა. ეს ასეც მოხდა და თებერვლის შემდეგ ჯარიმების ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილია სასამართლოში გადაფორვარდებული.
ამიტომ, მაშინ ვამბობდით, რომ ამ ცვლილებას რუსთაველზე არანაირი გავლენა არ უნდა მოეხდინა – ერთი შსს-ის ბუღალტერიაში გაჭედვის გამო, მეორე იმიტომ, რომ პირბადეებით გზის გადაკეტვა მთელ ამ შრომას წყალში ყრიდა, და მესამე – ბოლოს და ბოლოს, ვისაც ჯარიმას დაუწერდნენ, ფონდები უნდა მიხმარებოდნენ.
მესამე ნაწილი შეიცვალა, რადგან ფონდები დააყადაღეს და იმ ერთში, რომელიც მუშაობს, ბიზნესი ფულის გადარიცხვას არ ჩქარობს. თუმცა, პირველი ორი ძალაშია და რუსთაველის გადაკეტვაც გრძელდება.
პროგნოზის მსგავსად, ასევე ვერ იმუშავა დაშინებამ იმის შესახებ, რომ ადამიანებს მასიურად 30 და 60 დღით გაუშვებდნენ იზოლატორებში – რადგან ჯამურად მთელ ქვეყანაში სულ რამდენიმე ასეული ადგილია და ამხელა პატიმრობები თვითონ არ აწყობთ.
ახლა რა შეცვალეს? შსს ადგა და ჯარიმების ბუღალტერია, რაც თებერვლის შემდეგ ჰქონდა შეტენილი, სასამართლოს გადაულოცა. ამ წვალების მოშორება ალბათ ახალი მინისტრის ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო. პრაქტიკაში მხოლოდ ის იცვლება, რომ ვისაც გასაჩივრებულ ჯარიმაზე ჩემსავით შსს-ს პასუხს ელოდით, პირდაპირ სასამართლო დაგიკავშირდებათ, ხოლო ამიერიდან ვისაც დაგჭირდებათ გასაჩივრება – საჩივარი სასამართლოში უნდა ჩააბაროთ.
ამრიგად, ეს ცვლილება დამაშინებლად ჟღერს, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. თუ აქამდე ბუღალტერია და ბექლოგი შსს-ს ჰქონდა შეტენილი, ახლა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმხილველ შვიდ მოსამართლეს ექნება. რამდენად სწრაფად შეძლებენ იმის დაპროცესებას, რაც შსს-ს თვეები არ გამოუვიდა, მაგას ერთად ვნახავთ.
ანალოგიურად, დამაშინებლად ჟღერს 30-დღიანი პატიმრობა ჯარიმების გადაუხდელობის გამო და შეიძლება, საჩვენებლად, ვინმეზე გამოიყენონ კიდეც, მაგრამ მასიურად ამხელა პატიმრობებს ვერც ახლა აწევენ. მოკლედ, ეს ცვლილებები მხოლოდ თქვენი დაშინების მორიგი მცდელობაა, თორემ მათთვის, ვინც რუსთაველზე პირბადით გადის, არაფერი იცვლება.
მეორე ცვლილების – იმ კანონის მაგალითი, რომლის გამოყენებასაც ნამდვილად აპირებენ – სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში შემავალი ცვლილებებია. მატერიალურ კოდექსში ხომ ცალკე შემოიტანეს 6 (ექვს) წლამდე ციხე ხუთი გრამი მარიხუანას ფლობისთვის, მაგრამ საპროცესო კოდექსში კიდევ უარესი ქნეს. ახალი ცვლილებებით სრულად საიდუმლოვდება საკვანძო მოწმეების ვინაობა, რომელსაც ბრალდება და გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს.
კერძოდ, იმ პირ(ებ)ის ვინაობა, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს, შეიძლება დაიფაროს გამოძიების ყველა მასალაში, საპროცესო დოკუმენტში, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. მისი ვინაობა არსად არ მიეთითება, შეუძლებელი იქნება მისი ამოცნობა, სასამართლო დარბაზში დაკითხვა.
ეს ნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს ისეთ მთავარ მტკიცებულებას – მოწმის ჩვენებას, ვისი ვინაობაც არავინ იცის პროკურორის და მოსამართლის გარდა, ვისი გამოკვლევის უფლება დაცვის მხარეს არ მისცემია და დაცვის მხარეს ელემენტარულად იმის გადამოწმებაც კი არ შეუძლია, ერთ ცრუ მოწმეს ხომ არ იყენებენ ყველა საქმეში (რაშიც აქამდე შსს არაერთხელ გამოუჭერიათ).
ეს არ არის ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, ეს არის სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის, რომელსაც ვეღარც ჟურნალისტები გააშუქებენ, ვეღარც კამერები გადაიღებენ და ახლა უკვე – ვეღარც თვითონ დაცვის მხარე გამოიკვლევს სათანადოდ. ეს არის ქოცების მართლმსაჯულება და ვისაც ეს წესები მოგწონთ, ამავე კანონებით განსჯა მისურვებია. ხოლო ჩვენ, ვინც საღამოობით სუფთა ჰაერზე ვიკრიბებით, ეს ტრადიცია პირბადეებით უნდა გავაგრძელოთ და, შეძლებისდაგვარად, მარტოებმა არ ვიაროთ ხოლმე. დანარჩენი უცვლელია“.