საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ ოქტომბერში 121.77 მილიონი ლარით იკლო

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 57.53 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 121.77 მილიონი ლარით, ანუ 0.21%-ით ნაკლები წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშეცე 0.19%-ით ნაკლები). ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტების ზრდა 197.32 მილიონი ლარით დაფიქსირდა. (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.68%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 319.09 მილიონი ლარით, ანუ 1.00%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.89%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 49.30% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.91 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.92 პროცენტული პუნქტით).
ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.90% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.06% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.59%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში დოლარის წილმა 78.32% , ხოლო ევროს წილმა 20.06% შეადგინა.