„საბანკო სექტორი რუსეთშიც არსებობს და ირანშიც, რას წარმოადგენს, ეგაა საკითხავი“ – EY Georgia-ს მმართველი პარტნიორი

„საბანკო სექტორი რუსეთშიც არსებობს და ირანშიც, რას წარმოადგენს, ეგაა საკითხავი“ – ამის შესახებ EY Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა რუსლან ხოროშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ ისაუბრა.
მისი თქმით, საერთო ჯამში დადებითი წელი იყო, თუმცა წლის ბოლოს ტრანზაქციებთან დაკავშირებულ მომსახურებებში კლება შეინიშნებოდა.
„საერთო ჯამში საკმაოდ კარგი წელი იყო, მთელი წლის განმავლობაში კარგად ვითარდებოდა ბიზნესი, წლის ბოლოსკენ გარკვეული კლება შეინიშნებოდა ტრანზაქციებთან დაკავშირებულ მომსახურებებში“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება სანქციების გავლენას ქვეყანაზე, ხოროშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომლისთვისაც სანქციებს რაიმე დადებითი მოეტანოს, გამონაკლისი კი არც საქართველო იქნება.
„სანქციები ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო და საშიშია. მსოფლიოში არ არსებობს მაგალითი, რომ სანქციებს რაიმე დადებითი მოეტანოს ქვეყნისთვის. ის საერთო მდგომარეობას აუარესებს ყველასთვის. რაც შეეხება იმას, რამდენად დააზიანებს ის ჩვენს საბანკო სექტორს, გააჩნია რამდენად გამკაცრდება და რა მასშტაბებში გადავა, თორემ საბანკო სექტორი რუსეთშიც არსებობს და ირანშიც, უბრალოდ რას წარმოადგენს, ეგაა საკითხავი. რაც მეტ სანქციასთან ექნება ქვეყანას ე.წ.“კავშირი“, მით ნაკლები სურვილი ექნება ამერიკულ ამა თუ იმ ბანკს, დაეხმაროს მას ტრანზაქციების განხორციელებაში.
წლების განმავლობაში ჩვენი პლუსი იყო ინტეგრაციისკენ სვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და ა.შ.
ის კარგახსნილობა, რაც იყო ჩვენი უპირატესობა, კლებულობს. გამოდის, რომ იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ და არაფერს კარგს რომ არ მოგვიტანს ეს ყველაფერი, ალბათ ვიცით“, – განაცხადა რუსლან ხოროშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, “ქართული ოცნების” გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ბიზნეს სექტორი, რომელიც აქტიურად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო „ს გზაზე“ მიდის, რაც ქვეყნის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოქალაქეები და ბიზნესები მთავრობისგან მოითხოვენ ევროინტეგრაციის კურსზე დაბრუნებას.
ამ ყველაფრის ფონზე, 27 დეკემბერს -ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, “როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს”.