საბავშვო ბაღისა და სატრანსპორტო ჰაბის მშენებლობა, ბიატლონის ახალი ტრასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება – რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ბაკურიანში?

საბავშვო ბაღისა და სატრანსპორტო ჰაბის მშენებლობა, ბიატლონის ახალი ტრასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება – რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ბაკურიანში?
დაბა ბაკურიანში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე გაეცნო. მინისტრმა დაათვალიერა წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოები, საბავშვო ბაღისა და სატრანსპორტო ჰაბის მშენებლობა, ბიატლონის ახალი ტრასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები.
ბიატლონის ახალმა ტრასამ უკვე უმასპინძლა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 18.2 მილიონ ლარზე მეტია.
დაბაში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება მორგებული სკოლამდელი ასაკის ბავშვების საჭიროებებზე.
რევაზ სოხაძე გაეცნო ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის მშენებლობასაც, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალურ და ტურისტულ სერვისს გააერთიანებს ერთ სივრცეში. შენობაში განთავსდება ბაკურიანის განვითარების სააგენტო, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სპეციალური ტექნიკის სადგომი, ადმინისტრაციული ოფისები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჰაბი მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე დამსვენებლებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო სისტემის ორგანიზებას მთელ კურორტზე. პროექტის დასრულება 2026 წელს იგეგმება.
ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით იწყება ახალი საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გადაადგილებას, შეამცირებს ავტოტრანსპორტზე დამოკიდებულებას, განტვირთავს მოძრაობას და ხელს შეუწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს