საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარებისთვის გურამ ელიზბარაშვილს ბრალი წარუდგინა.
საქმე ეხება ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ, ბაგა-ბაღთან ძაღლით სერინობისას მომხდარ კონფლიქტს, რა დროსაც ყაზახეთის მოქალაქე დაჭრეს.
გამოძიების ცნობით, 14 ნოემბერს, დაახლოებით 08:50 საათზე, მას შემდეგ, რაც ყაზახეთის მოქალაქემ ს.მ.-მ შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასსა და ბრალდებულ გურამ ელიზბარაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა. კერძოდ, ყაზახეთის მოქალაქემ ბრალდებულს ძაღლის ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე სეირნობასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა.
„კონფლიქტის დროს წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ე.-მა, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან ს.მ.-ის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაზარალებულს ორივე ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ამავდროულად, გ.ე.-მა დაზარალებულის მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა“, — აცხადებს პროკურატურა.
გურამ ელიზბარაშვილი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პროკურატურის ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის სიდედრის სახლიდან. გურამ ელიზბარაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გამოძიება გრძელდება.