საახალწლო ღონისძიებებზე თბილისის მერია 6,5 მილიონ ლარს დახარჯავს

თბილისის მერია კვლავ ტენდერის გარეშე ყიდულობს საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებას. ამისთვის ჯამში ბიუჯეტიდან იგეგმება 6 501 641 ლარის დახარჯვა.
დედაქალაქის მერია ყოველწლიურად დაახლოებით ერთსა და იმავე მიზეზს უთითებს იმის ასახსნელად, რატომ სჭირდება მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვა:
“ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა”.
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება შემდეგ ადგილებზე:
· ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (გიორგი ათონელის ქუჩა, იტალიის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ხაზინის ქუჩა);
· მშრალ ხიდზე და დედაენის ბაღში მოეწყობა “საახალწლო ქალაქი”, ასევე გაიმართება საშობაო ბაზარი;
· რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, ცენტრალურ ნაძვის ხეს დადგამენ, რესპუბლიკის მოედანზე კი საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება.
“აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება სხვადასხვა მოცულობითი ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორირებული ჯიხურები, თოვლის ბაბუას (სანტას) სახლი და სახელოსნო, პავილიონი “საახალწლო ქალაქი”, კულტურული, სპორტული, საბავშვო, მოსასვენებელი სივრცეები/პავილიონები, სხვადასხვა სცენის დეკორაცია/ბუტაფორია/რეკვიზიტი, საახალწლო ბარი, დეკორირებული ნაძვის ხეები, ხიდის, ქუჩებისა და ფასადების თემატური მორთულობები, საციგურაო ყინულის მოედანი, ყინულის მოედნის თემატური დეკორაცია”, – წერს მერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში.
2024 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის მერია დამატებით 720 ათასი ლარს ახალი ნაძვის ხისთვის ხარჯავს.