საახალწლო კონცერტებისთვის სამცხე–ჯავახეთში 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯება

საახალწლო კონცერტებისთვის სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები 600 000 ლარზე მეტს დახარჯავენ – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხმა: ახალციხემ, ბორჯომმა, ახალქალაქმა და ასპინძამ საახალწლო გასართობი ღონისძიებებისთვის გამარტივებული შესყიდვები უკვე გააფორმეს. ნინოწმინდის და ადიგენის მუნიციპალიტეტებს, კი ჯერჯერობით არა.
“ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, წინასაახალწლო გასართობი ღონისძიებისთვის გამარტივებულ შესყიდვას 70 793 ლარზე აფორმებს. 24–დან 29 დეკემბრის პერიოდში დაგეგმილ კონცერტზე მერია ნინო ჩხეიძის, დავით ხუჯაძის, დუეტი „ჯორჯიას“ და ჯგუფი „ერთი მეოთხედის ¼” მომსახურებას ყიდულობს. ბორჯომსა და ბაკურიანში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებებისთვის 300 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა. პროექტი – „ახალი წლის დღეები საქართველოში“ მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ხორციელდება, რომლის ფარგლებში ღონისძიება 2024 წლის 4 იანვარს ბორჯომში, ხოლო დაბა ბაკურიანში 7 იანვარს გაიმართება. ბაკურიანში, სასცენო ინვენტარის, საბავშვო გასართობი სივრცის და აქტივობების მოსაწყობად, ასევე ბენდი „ქილეიჯის“, ნოდარიკო ხუციშვილის და ჯგუფი „შერეკილების“, მუსიკალური გაფორმებისა და ღონისძიებების წამყვანის, რუსკა მაყაშვილის მომსახურებისთვის, შპს „მინი ივენთსი“ 149 999 ლარს ითხოვს. თითქმის იმავე ღონისძიებასა და გაფორმებაში, რომელიც ბორჯომში უნდა გაიმართოს, შპს „არტ ბიუროს“ მომსახურება 152 942 ლარი ჯდება. 2023 წლის 31 დეკემბერი-2024 წლის 1 იანვარი, ღამით, ღია ცის ქვეშ, გაიმართება საახალწლო გალა-კონცერტი ანი კეკუას, ნელი (ნეკა) სებისკვერაძის და ლევან დეისაძის მონაწილეობით. აღნიშნულზე გამარტივებული შესყიდვა 24 447 ლარზე გაფორმდა. ბორჯომის ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც 20 დეკემბერს იგეგმება, ჯგუფ „გუფი ლენდს“ მერია 15 152 ლარს გადაუხდის. ახალქალაქში 25 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტისთვის და სხვა გასართობი ღონისძიებებისთვის, მერია 99 999 ლარს დახარჯავს. გამარტივებულ შესყიდვა შპს „ქეი ივენთთან“ გაფორმდა. კონცერტზე წამყვანი ეკატერინე ფანგანი იქნება, შემსრულებლები კი ჯგუფი „ალეგრო“, „ჩვენებურები“ და „რეზო და ბავშვები“. ბორჯომის და ბაკურიანის მსგავსად, ახალქალაქში დაგეგმილი ღონისძიებებიც პროექტი- „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში იმართება. იმავე პროექტით დაგეგმა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ ღონისძიება დაბაში 27 დეკემბერს, რაშიც 121 849 ლარი დაიხარჯება. სხვადასხვა გასართობ პროგრამასთან ერთად, სცენაზე მსმენელისთვის რუსა მორჩილაძე, ნინი ქარსელაძე, „ალილო“ და „ქუჩის ბიჭები“ იმღერებენ”, – წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ასევე ასობით ათას ლარს ხარჯავენ საახალწლო დეკორაციების მოსაწყობად.