„სააღდგომოდ კვერცხზე მოთხოვნა 25-30%-მდე იზრდება“ – ზურაბ უჩუმბეგაშვილი

სააღდგომოდ კვერცხზე მოთხოვნა გაზრდილია. ,,კუმისი XXI”-ის დამფუძნებელი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოთხოვნა დაახლოებით 30%-ით არის მომატებული. ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ მწარმოებლები გაზრდილი მოთხოვნით არ ეცდებიან ისარგებლონ და სააღდგომოდ კვერცხის ფასს უცვლელად დატოვებენ.
,,ფასს არ დაეტყობა. არასდროს ჩვენ არ ვსარგებლობთ აღდგომაზე გაზრდილი მოთხოვნით და ფასს არასდროს არ ვუმატებთ. შესაბამისად, დღეს რა ფასიც არის მწარმოებლების მიერ ეს ფასი შენარჩუნებული იქნება. რა თქმა უნდა, მოთხოვნა იზრდება. ჩვენი გამოცდილებით, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში 25-30%-მდე იზრდება სააღდგომოდ მოთხოვნა კვერცხზე. ადრე იყო პანიკური მოლოდინები. იმარაგებდნენ და წინასწარ ყიდულობდნენ კვერცხს. ამიტომ კონკრეტული ციფრის დასახელება, რომ ამდენს ვყიდით სააღდგომოდ ძნელი სათქმელია. ჩვენ ვაწარმოებთ დაახლოებით 650 მლნ. კვერცხს წლის განმავლობაში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში თვიურ მოთხოვნაზე დაახლოებით 30%-ით მეტი იქნება რეალიზაცია.”- აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
წინა წლებისგან განსხვავებით, სააღდგომოდ ქვეყანაში კვერცხი არ შემოვა. საქართველოსთვის ორი მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთი და არიან. თუმცა თურქეთში ქათმის გრიპის გამო კვერცხის ფასმა ძალიან აიწია. უკრაინაში კი საომარი მოქმედებები გრძელდება. მიუხედავად აღნიშნულისა, ,,კუმისი XXI”-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ადგილობრივი მწარმოებლები ბაზრის კვერცხით სრულად უზრუნველყოფას პრობლემების გარეშე შეძლებენ.
,,იყო შემთხვევები, როცა შემოდიოდა კვერცხი. ამ დროს სარგებლობდნენ იმპორტიორები, მაგრამ წელს ისეთი სიტუაციაა, რომ არ შემოდის. თურქეთში ძალიან გაძვირებულია კვერცხი. გრიპის გამო ძალიან ბევრი ფრინველი დაიხოცა და კვერცხზე ძალიან მაღალი ფასებია. უკრაინა ომშია. ეს ტრადიციული იმპორტიორი ქვეყნები წელს არ მუშაობენ ჩვენს ბაზარზე, ვერ შემოდიან და სრულად ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე მწარმოებლების მხრიდან არანაირი შეფერხება არ არის. რაოდენობა გათვლილია ისე, რომ წესით და კანონით არანაირი ექსცესი არ უნდა მოხდეს. რაოდენობა გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი კვერცხი არ შემოსულა საქართველოში, სრულად ვაკმაყოფილებთ მოთხოვნას.”- აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის – კაია კალასი და მარტა კოსი