„საარჩევნო წელიწადია და მთავრობა მაქსიმალურად შეეცდება, ლარის კურსი 2.70-2.75-ის ფარგლებში შეინარჩუნოს“ – ფინანსისტი

2023 წელი სავალუტო ბაზრისთვის საკმაოდ არა დინამიკური იყო. წლის პირველ ნახევარში ლარის კურსი დოლართან მიმართებით ძირითადად გამყარებით გამოირჩეოდა, ზაფხულიდან კი ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო და წლის ბოლო თითქმის იმავე ნიშნულზე დაასრულა, როგორც დაიწყო.
2023 წლის 1-ელ იანვარს ერთი დოლარი 2.7020 ლარი, ერთი ევრო კი 2.8844 ლარი იყო, გასული წლის ბოლო დღეს კი ერთმა დოლარმა 2.6894 ლარი, ერთმა ევრომ კი 2.9753 ლარი შეადგინა.
ფინანსისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს ვალუტის კურსზე გავლენას, სხვა ფაქტორებთან ერთად არჩევნებიც მოახდენს, ამიტომ ლარის მნიშვნელოვანი რყევები მოსალოდნელი არ არის.
„ჩვენი ვარაუდით, ლარის კურსი დიდი მერყეობა იანვარში და თებერვლის 15 რიცხვამდე, მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება ზოგადად 2024 წელს, მართალია წინასწარ პროგნოზირება რთულია, რადგან ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ფაქტია, რომ საარჩევნო წელიწადია და მთავრობა მაქსიმალურად შეეცდება, ლარის კურსი 2,70-2,75-ის ფარგლებში შეინარჩუნოს“, – ამბობს ნიკა შენგელია.
Galt & Taggart-მა 2024 წლის ეკონომიკური მოლოდინების ანგარიშის მიხედვითაც, ლარი/დოლარის და ლარი/ევროს საშუალო გაცვლითი კურსი 2024 წელს მოსალოდნელია 2.7 და 3.0-ის ფარგლებში.