საარჩევნო პარტიებმა, ბოლო 2 თვეში, 9 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 8 მილიონ ლარზე მეტი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

საარჩევნო პარტიებმა, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, 9 571 423 ლარის შემოწირულება მიიღო.
კერძოდ, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულება – 8 მილიონ ლარზე მეტი, უფრო კონკრეტულად კი 8 246 460 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში პარტიაზე 250-მდე შემოწირულება მოდის, მათგან 40-მდე პირმა „ქართულ ოცნებას“ 60-60 ათასი ლარი ჩაურიცხა.
მმართველი პარტიის შემდეგ, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულება „ლელო საქართველოსთვის“ აქვს მიღებული. პარტიამ დაახლოებით 2 თვეში, 2 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 1 038 537 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. შემომწირველებს შორის არიან პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი და ასევე, ავთანდილ წერეთელი, რომლებმაც პარტიას, შესაბამისად, 10 ათასი და 60 ათასი ლარი შესწირეს.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულებას, პარტიას 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრამდე პერიოდში, 164 455 ლარი ჩაერიცხა.
პარტიას „საქართველოსთვის“, 1-ელი ივლისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 118 971 ლარის შემოწირულება აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან: , ბერდია სიჭინავა, ნათია მეზვრიშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი.
საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს“ კი ამავე პერიოდში თანხა მხოლოდ ივლისის თვეში აქვს მიღებული. მას სამმა შემომწირველმა, ჯამში, 3 ათასი ლარი ჩაურიცხა.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის მითითებულ პერიოდში, ორ საპარლამენტო პარტიას, „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულება არ მიუღიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია ბავშვის უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 35-ე წლისთავს ეძღვნება

ზურაბ ფარჯიანი: “სირიაში ქრისტიან ბავშვებს ხვრეტენ” არის ტყუილი – თავად სირიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თქვა ამის შესახებ და ლალი მოროშკინაზე და “ბეპეელა”-ზე მეტი როგორმე იციან ალბათ