საარჩევნო ეკონომიკური დაპირებების რეალურობას „ჯეოქეისი” აფასებს

წინასაარჩევნოდ საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო სუბიექტები ქვეყნის განვითარების თავისეულ ხედვას სთავაზობენ. მათ დაპირებებში ხშირ შემთხვევაში ჭარბობს ეკონომიკურ და სოციალურ მიმართულებებზე აქცენტი, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა. ეკონომისტების შეფასებით, აღნიშნულის ფონზე პარტიების მიერ გაჟღერებული ეკონომიკური დაპირებები, ისეთი როგორიცაა უმუშევრობის შემცირება, ხელფასების ზრდა და ა.შ. „ნორმალურია“.
ისეთი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, დაბალი ხელფასები, სოციალურ ფენებს შორის უთანასწორობა, ემიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი, ცხადია, გადაჭრას საჭიროებს, რისი წინაპირობაც ეკონომიკური განვითარებაა.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ჯეოქეისის“ ეკონომიკური საკითხების მკვლევარი, გურამ ბააკაშვილი ყურადღებას სწორედ იმაზე ამახვილებს, რომ პარტიების მიერ შემოთავაზებული დაპირებები გათვლილი უნდა იყოს ქვეყნის მდგრად განვითარებასა და გრძელვადიან შედეგზე.
„საარჩევნო დაპირებებზე როცა ვსაუბრობთ, ანალიზისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რამდენად ნათლად არის წარმოდგენილი გეგმა. ჩვენ ვხედავთ ზოგად დაპირებებს, რომელიც ლამაზად გამოიყურება, თუმცა ეკონომიკური პარამეტრებით ჩაშლის შემთხვევაში, კრიტიკას ვერ უძლებს“, – ამბობს გურამ ბააკაშვილი.
ეკონომისტი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დაპირებების ნაწილი ან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს აღემატებოდა, ან 4-წლიან პერიოდში ვერ ჯდებოდა (თუნდაც ყველაზე დადებითი სცენარის შემთხვევაში). რესპონდენტი დაპირებების განხილვისას ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტორებზე: თან სდევს თუ არა კონკრეტული მაჩვენებლები, რა დაუჯდება ბიუჯეტს მიზნის მიღწევა და რამდენად ეტევა 4-წლიან პერიოდში.
გურამ ბააკაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აფასებს თუ რამდენად განხორციელებად ის დაპირებები, რასაც ჰპირდებიან მოქალაქეებს პარტიები:
· 200 ათასი სამუშაო ადგილი
„200 ათასი სამუშაო ადგილი 4 წლის განმავლობაში შესაძლოა, მიღწევადი იყოს, თუმცა დეფიციტი რაც ეკონომიკური მიმართულებით პროგრამებში არსებობს, არის ის, რომ არ ხდება დაკონკრეტება, რომელ მიმართულებებზე ხდება გადანაწილება, რომელი მიმართულება იქნება პრიორიტეტი და ა.შ. ამასთან, არ კონკრეტდება განვლილ პერიოდთან შედარებით რა განსხვავებული ნაბიჯები გადაიდგმება და ეკონომიკურად რა სიახლე ჩნდება ქვეყანაში, რომ 200 ათასი სამუშაო ადგილი იქმნება“.
· 3500 ლარი საშუალო ხელფასი
„2010 წლიდან 2023 წლამდე საშუალო ხელფასის საშუალო დინამიკა 8% იყო, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2016 წელს 4%, ხოლო ყველაზე მაღალი 2023 წელს 17%. საშუალო 8%-იანი ზრდის შემთხვევაში – 7.8 წელი, ხოლო 17%-იანი ზრდის შემთხვევაში 3.9 წელია საჭირო 3 500-ლარიანი საშუალო ხელფასის მისაღწევად“.
· მინიმალური ხელფასი 950 ან 1500 ლარი
„OECD-ის სტანდარტით მინიმალური ხელფასი, საშუალო ხელფასთან მიმართებაში უნდა მერყეობდეს 40%-60%-ის ნიშნულში. მინიმალური ხელფასი 950 ლარი იქნება თუ 1500 ლარი, ეს დამოკიდებულია საშუალო ხელფასის მაჩვენებელზე. თუ 60%-ზე მეტი ან 40%-ზე ნაკლები იქნება, საშუალოსთან შედარებით მინიმალური ხელფასი დისბალანსს შექმნის. პირობითად, თუ საშუალო ხელფასი 3500 ლარამდე გაიზრდება, 1500 ლარიანი მინიმალური ხელფასი ამ სტანდარტში ჯდება“.
· 1000 ლარი პენსია
„1000-ლარამდე პენსიის ზრდა ნიშნავს არსებულის 66%-ით გაზრდას. ეს ამბიციური მაჩვენებელია და სჭირდება მყარი დასაბუთება, თუ როგორ აღწევს ქვეყანა საპენსიო ბიუჯეტს 66%-ით ზრდას. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ საპენსიო ბიუჯეტის გაზრდამ არ გადატვირთოს ქვეყნის ბიუჯეტი. ამასთან, ერთ მიმართულებაზე მოკლებით და მეორეზე დამატებით არ უნდა ხდებოდეს პენსიების გაზრდა“.
· საპენსიო სესხების განულება
„საპენსიო სესხები ნახევარი მილიარდი ლარია დაახლოებით, ეს მოიცავს იმ საპროცენტო სარგებელსაც, რომელიც ბანკმა უნდა მიიღოს. პენსიების ჩამოწერის საკითხი წინასაარჩევნო მანიპულირების საგანი მგონია, რადგან პენსიების ჩამოწერა გამოიწვევს სხვა მოწყვლადი ჯგუფების პროტესტს. მეორე – ერთჯერადი ჩამოწერა არ გადაჭრის პრობლემას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში არსებობს მაღალი განაკვეთი სესხების. პენსიონერებისთვის სესხების ჩამოწერა ერთჯერადი ქმედებაა და არ არის მიმართული მდგრადობისკენ. პირადად მე მივემხრობოდი ისეთ მიმართულებას, რომელიც ერთჯერად გადაჭრაზე კი არ იქნებოდა ორიენტირებული, არამედ მდგრადი მომავლის შენებაზე. თუნდაც იყოს არაპოპულარული ნაბიჯები, მაგრამ მდგრადობისკენ მიმართული, რომელიც ქვეყანას მოუტანს გრძელვადიან შედეგს“.
წყარო: bpn.ge