საარჩევნო დაპირებები ბიზნესს – ვინ რას ჰპირდება ქართველ ბიზნესმენებს

26 ოქტომბრის ს მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტად გვესმის ქართული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო დაპირებები. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკური კონკურენცია ამ არჩევნებში საკმაოდ მაღალია წინასთან შედარებით, აღარავის უკვირს უფრო და უფრო პოპულისტური განცხადებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში რთული ან თითქმის შეუსრულებელია.
მაგალითად, ამ არჩევნებზე ყველაზე ხშირად განიხილება საგადასახადო სისტემის რეფორმა. თითქმის ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამა იწყება სხვადასხვა გადასახადების შემცირების ან სრულიად გაუქმების დაპირებებით. თუმცა ცოტა მათგანი თუ გვიხსნის, რამდენად შეუძლია ქვეყნის ბიუჯეტს მსგავსი რეფორმის მხარდაჭერა.
გადასახადების შემცირება, კაპიტალის ბაზრის განვითარება და ზოგადად ბიზნესის აყვავება – ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტების დიდი ნაწილი სწორედ ამ ტიპის დაპირებებს აძლევს ბიზნესმენებს.
„კომერსანტი“ გთავაზობს ძირითადი პოლიტიკური პარტიების დაპირებებს, რომლებიც ქართული ბიზნესის მხარდაჭერას უკავშირდება:
4 – „კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“
„ჩვენ არ ვაკეთებთ არარეალისტურ დაპირებებს. ეკონომიკის მიმართულებით, 4 დღეში ვაპირებთ გადასახედების შემცირებაზე ინიციატივის წარდგენას. მცირე ბიზნესისთვის, რომელიც ბრუნვით 400 ათას ლარზე ქვევითაა, საშემოსავლო გადასახადის დაწევას 15%-მდე, დღგ-ს გაუქმებას და ასევე, მოგების გადასახადის შემცირებას 5%-ით. ჩვენი გათვლებით, ეს შეეხება ბიზნესების 75%-ს“ – განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა მ.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ბიზნესმენები არიან მთავარი ძალა ქვეყნის წინ წაწევის და მათზე იზრუნებენ.
„მინდა, მივმართო ქართველ ბიზნესმენებს, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესმენებს, ძვირფასებო, არ შეგეშინდეთ, თქვენ ხართ მთავარი ძალა ამ ქვეყნის წინ წაყვანის, მთავარი ხალხი, ვინც დაამარცხებს სიღარიბეს და ამ ქვეყანას მოუტანს იმას, რომ არავის უჭირდეს, არავის შიოდეს და ყველას ჰქონდეს სწავლის, ჯანდაცვის, დასვენების და ბედნიერი სიბერის ფული. თქვენ უნდა მოიტანოთ საქართველოში ბედნიერება და ბედნიერი მომავალი, მაგრამ მანამდე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენზე ვიზრუნებთ, არავითარი რეპრესიები, არავითარი დაჭერები არავითარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უფრო დაბალი გადასახადები, მეტი ინვესტიცია, ევროპული, ამერიკული და ჩინური ბაზარი და ამ ყველაფრის შემდეგ, შეუძლებელია, რომ არ ვთქვათ, მომავალი თქვენია“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის აზრით კი ე.წ. მსხვილი ბიზნესისთვის სასათბურე პირობები უნდა დასრულდეს და მათ „კარგს არაფერს“ ჰპირდება.
5 – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ 5 წინასაარჩევნო პრიორიტეტი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი ფასების მაფიის დასრულებაა, რომელიც გულისხმობს: 1. მონოპოლიების დასრულებას ყველა სფეროში, 2. საბანკო პროცენტების განახევრებას; 3. სახელმწიფო ადმინისტრაციულ მომსახურებაზე ფასებისა და არსებული ჯარიმების განახევრებას; 4. მეტ ქართული წარმოებას, საწარმოს ყველა რეგიონში, 1-მილიარდიანი ევროკავშირის სუბსიდიას სოფლის მეურნეობისთვის.
„ისეთ პროგრესს გაჩვენებთ, ჩვენ ხელში ბიზნესი აყვავდება. პირდაპირ ვეუბნებით ბიზნესს – ოთხ წელიწადში თქვენი ბიზნესის კაპიტალი მინიმუმ სამჯერ გაიზრდება.
პირველი – ეს არის ქვეყნის ევროინტეგრაცია და ევროკავშირიდან 14 მლრდ ევროს მოზიდვა, თუმცა უფრო მეტის მოზიდვასაც ვფიქრობთ. ასევე, ჩვენ გვინდა დავიწყოთ ახალი პროექტი – ქართულ ბიზნესს ვუთხრათ, რომ თუ ისინი დაპარტნიორდებიან საერთაშორისო კომპანიებთან და აქ წარმოებებს გააკეთებენ, სახელმწიფოსგან განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნებათ. ჩვენი მთავარი მიზანია, გავზარდოთ საწარმოო პოტენციალი საქართველოში. მეორე პრიორიტეტული მიმართულება იქნება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მესამე კი – ლოგისტიკური პოტენციალის ათვისება, რათა ნამდვილად „შუა დერეფანი“ გავხდეთ. ეს სამი კომპონენტი ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გამოიწვევს ქვეყანაში“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვასაძემ BMGTV-ის ეთერში სტუმრობისას.
9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა აერთიანებს მასში შემავალი სუბიექტების მიერ აქამდე გახმიანებულ არაერთ ინიციატივასა თუ ხედვას, მათ შორისაა, „მარშალის გეგმა” და „საქართველოს დაცვის აქტი“.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ მთავარი დაპირება გულისხმობს იმ მოსაკრებლის, რაც აქვს დღეს საქართველოში სათამაშო ბიზნესს და დაახლოებით 15%-ს შეადგენს, 25%-მდე გაზრდას, რის ხარჯზეც პარტია პენსიის 1000 ლარამდე მატებას გეგმავს.
რაც შეეხება „მარშალის გეგმას“, იქ გაწერილი ინიციატივები მოიცავს ასევე:
– ბიზნესგარემოს გაუმჯობესება – ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, კერძო სექტორის პროდუქტიულობის გაზრდა, მაქსიმალური გამჭვირვალობის შექმნა და ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.
– კაპიტალის ბაზრის განვითარება – საქართველო გახდება რეგიონის ფინანსური ცენტრი. ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული განვითარებულ კაპიტალის ბაზართან, რომელიც დღეს საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს. კაპიტალის ბაზრის რეფორმით საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი ძლიერი საფონდო ბირჟით, რაც ქვეყანაში გააჩენს გრძელვადიან საინვესტიციო ფულს და ახალ სამუშაო ადგილებს. საქართველოს საფონდო ბირჟა იმუშავებს ლონდონის საფონდო ბირჟასთან პარტნიორობით.
– მცირე და საშუალო ბიზნესისთვის: შეიქმნება 3-მილიარდიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას; 2. შეიქმნება 2-მილიარდიანი სპეციალური საინვესტიციო ფონდი სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის; 3. შეიქმნება ინოვაციების სპეციალური საინვესტიციო ფონდი, სადაც მოზიდული იქნება სახსრები 1 მილიარდის ოდენობით და ინვესტირებას მოახდენს ახალ ტექნოლოგიებში.
25 – „გახარია საქართველოსთვის”
„იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ განვითარების და ეკონომიკური ტრანსფორმაციის რეალური შესაძლებლობა, ვთვლით, რომ გასაკეთებელია განვითარების ბანკი. ერთადერთი ყველაზე სწრაფი გზა იმისთვის, რომ იაფ კაპიტალზე არსებობდეს, სახელმწიფოს ჩართულობით, ხელმისაწვდომობა.
საჭიროა ექსპორტის სააგენტო, რომელიც აიღებს იმ პასუხისმგებლობას, რომ საბოლოო ჯამში შეიქმნას ექსპორტის დაფინანსებისკენ მიმართული ფინანსური და სადაზღვევო პროდუქტები”, – განაცხადა პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა საარჩევნო პროგრამის წარდგენისას.
41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
„ქართული ოცნება“ 2028 წლისთვის უმუშევრობის 4%-მდე შემცირებას, 200 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას, 130 მლრდ ლარამდე ეკონომიკის გაზრდას და ქვეყნის ბიუჯეტის 50 მლრდ ლარამდე ზრდას გეგმავს. რაც შეეხება კონკრეტულად ბიზნესმენებს, მათ სხვადასხვა პროგრამების გააქტიურებას ჰპირდება.
„გვექნება საგანგებო პროგრამები, რაც გაგრძელდება, გაფართოვდება იგივე „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები, ენერგეტიკაში დიდი ინვესტიციები გვექნება, ტურიზმის სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო კონკრეტულ ზომებს მიიღებს, რათა ეკონომიკის ზრდა კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი მ.
„ოცნება” ამომრჩეველს ასევე ჰპირდება, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ბიზნესისთვის დამატებით, 9 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული.
ცნობისთვის, 26 ოქტომბერს გასამართ არჩევნებში 19 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება მათ დაპირებებს, უმრავლესობა პენსიების გაზრდას, სიღარიბის და უმუშევრობის შემცირებას გულისხმობს.