საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებს აგრძელებს – ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე და მისი მოადგილე „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მან ასევე აღინიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ადმინსტრაცია ფართო მასშტაბით გამოიყენებს ტექნოლოგიებს, შესაბამისად როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები და მიგნებები მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მხრივ.
„არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ჩვენ ტრადიციულად შევხვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ერთ-ერთი წინაპირობა გახლავთ გამჭვირვალე, საჯარო საქმიანობა. ინსტიტუცია, მრავალი წელია, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევარია, სრულ ღიაობას აცხადებს და არჩევნებში ჩართულ მხარეებს მუდმივად აცნობს ვერიფიცირებულ და ზუსტ ინფორმაციას მიმდინარე საქმიანობებთან დაკავშირებით. ჩვენი ღიაობა ასევე გამოხატულია შესაბამისი სამუშაო პლატფორმების შექმნითა და იმ ღონისძიებების განხორციელებით, რომლებიც ევროპულ, საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და ემსახურება კენჭისყრის დღის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ობიექტურად აფასებენ ჩვენ საქმიანობას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დელეგაციის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა უწყების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია NDI-ის რეკომენდაციები შესრულების შესახებ.
26 ოქტომბრის არჩევნებს „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ სადამკვირვებლო მისიები მთელი საქართველოს მასშტაბით გაუწევენ მონიტორინგს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გაიმართა.