საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო-სასწავლო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. საარჩევნო ადმინისტრაციის 2025 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ახალგაზრდების საარჩევნო სამოქალაქო განათლება წარმოადგენს, შესაბამისად კამპანიის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ახალგაზრდებს ეთმობა. უკვე დაწყებულია საქმიანობა ორი მასშტაბური პროექტისთვის. მათ შორის საჯარო სკოლებში იწყება სასწავლო პროექტი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“. პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი 17 თებერვლიდან 7 მარტის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით განახორციელებს.
პროგრამა ფოკუსირებულია ახალგაზრდებზე, რომელთაც ახლო მომავალში პირველად ექნებათ შეხება არჩევნებთან. საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეები სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსის ფარგლებში შემდეგ ძირითად საკითხებს გაეცნობიან: არჩევნების არსი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა; საქართველოში დემოკრატიული არჩევნების განვითარების ისტორია და მოდერნიზებული არჩევნები; დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო და გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესში; არჩევითი სახელმწიფო ორგანოები; საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები; არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები და მათი როლი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პროცესში; სიძულვილის ენის და დეზინფორმაციისაგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა.
პროექტი მოიცავს 64 მუნიციპალიტეტის 360 საჯარო სკოლას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული 13 მუნიციპალიტეტის 56 საჯარო სკოლას. სასწავლო კურსს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 101 ტრენერი უზრუნველყოფს.
კიდევ ერთი პროექტი, რომლის ბენეფიციარებიც ასევე ახალგაზრდები არიან, პარტნიორ უნივერსიტეტებში საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამის განხორციელებაა. პროექტის მონაწილეები იურიდიული, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის III-IV კურსის სტუდენტები იქნებიან, რომლებიც გაეცნობიან არჩევნებთან დაკავშირებულ შიდასახელმწიფოებრივ რეგულაციებს, საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკას და მიიღებენ ინფორმაციას მიმდინარე წელს ოქტომბერში გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისა და შესაბამისი საკანონმდებლო სიახლეების შესახებ. 2025 წლის გაზაფხულის სემესტრული სწავლება პარტნიორ უნივერსიტეტებში 17 თებერვლიდან დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ სწავლების ცენტრი საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამას თბილისსა და რეგიონებში უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს და დღემდე სასწავლო პროგრამა 9 000-მდე სტუდენტმა გაიარა. რაც შეეხება საინფორმაციო-სასწავლო პროექტს „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“, 64 მუნიციპალიტეტის 1 706 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 33 500-მდე მოსწავლემ გაიარა.
