საარსებო მინიმუმი 3.8 ლარით შემცირდა

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 2,6 ლარით შემცირდა და 249.7 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, კლება 3,8 ლარია, რადგანაც გასული წლის დეკემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253.5 ლარს შეადგენდა.
დეკემბერში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 2.3 ლარით შემცირდა და 221.1 ლარი შეადგინა.
საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

ასევე დაგაინტერესებთ