ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედების აკრძალვა. საქმე ეხება იმპორტზე დაწესებულ იმ გადასახადებს, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა დააწესა საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ 29 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქმის განხილვის დასრულებამდე ტარიფები ძალაშია. მხარეებმა სასამართლოს წერილობითი არგუმენტები ივნისის დასაწყისამდე უნდა წარუდგინონ. ამერიკული მედია ვარაუდობს, რომ საბოლოოდ საქმე უზენაეს სასამართლომდე მივა
28 მაისს მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს განიხილავს, დაადგინა, რომ ეკონომიკური უფლებამოსილებების კანონი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ტარიფების დაწესების საფუძვლად გამოიყენა, მას არ აძლევს გადასახადების თითქმის მთელი მსოფლიოსთვის დაწესების უფლებას, აშშ-ის კონსტიტუცია კი კონგრესს ანიჭებს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსილებას, რომელსაც ვერ გააუქმებს ეკონომიკის დასაცავად პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.
სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე კომპანიის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმის, Liberty Justice Center-ის საჩივრის განხილვის შედეგად.
იმავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზოგიერთი ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთიდან და ევროკავშირის სახელმწიფოებიდან იმპორტირებული ზოგიერთი პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დაწესება 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო, 2 აპრილს კი გამოაცხადა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს უწესებს სხვადასხვა მოცულობის ტარიფს(10%-დან 50%-მდე).
როგორც დონალდ ტრამპმა თქვა, აშშ-ს 50 წელიწადზე მეტხანს ძარცვავდნენ, ამიტომ ეს არის „გათავისუფლების დღე” და „ამერიკული ეკონომიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია”.
მოგვიანებით ტრამპმა, მაგალითად, ჩინეთს ტარიფები 145%-მდე გაუზარდა. ამასთან, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიწყო მოლაპარაკებები სატარიფო პოლიტიკის შესაცვლელად.
ტრამპის ტარიფებმა საფონდო ბირჟებზე აქციების გაუფასურება გამოიწვია და ინფლაციისა და უმუშევრობის გაზრდის საფრთხე შექმნა თავად აშშ-შიც.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავაჭრო პოლიტიკის წინააღმდეგ ამერიკულ სასამართლოებში არაერთი საჩივარია შეტანილი როგორც ბიზნესის წარმომადგენლების, ისე სხვადასხვა შტატის სახელით.
