სააპელაციო სასამართლომ და პროკურატურამ 16 წლის წინანდელ საქმეზე ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე დაზარალებულად ცნო

„VR ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, ნოშრევან ნამორაძე აცხადებს, რომ 16 წლის წინ, მის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე, სიმართლე დადგინდა. ნამორაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ სიმართლე დაადგინა და ის დაზარალებულად ცნო.
„საქმე ეხება ჩემი ოჯახის გარშემო მომხდარ ამბავს, რომელიც 2008 წლის სექტემბერს გადაგვხდა თავს. ეს ის ავბედითი პერიოდია, რომელიც 2012 წლამდე გრძელდებოდა. ეს იყო ავბედითი პერიოდი, როცა ქვეყანა „წინ მიდიოდა“, მაგრამ რის ხარჯზე, რამდენი ოჯახის უბედურების ხარჯზე გადაიარა ამ ყველაფერმა – ეს არის საკითხავი. ჩვენ ვართ ოჯახი, რომლებსაც ეს განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოს ომის შემდგომ და განახორციელეს რეპრესიები ჩვენს ოჯახზე, ჩვენი ოჯახის ბიზნესზე“, – თქვა ნამორაძემ.
როგორც ის ყვება, მისი ოჯახი ჩართული იყო დეველოპერულ ბიზნესში, თან საკმაოდ ნაყოფიერად.
„ბიზნესმენებისადმი ძალიან მძიმე მიდგომა იყო, რეპრესიები ხორციელდებოდა და არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი. არსებობდა ასეთი ყაჩაღური დაჯგუფება – სოდი, მისი ხელმძღვანელი კი იყო ერეკლე კოდუა. ამ ადამიანმა არაერთი ოჯახი გააუბედურა და ერთ-ერთი ვიყავით ჩვენც. აღმოვჩნდი მისი ყურადღების არეალში. ვიყავი წარმატებული ბიზნესმენი და განიზრახეს რეპრესიები ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, რაც კიდეც განახორციელეს. ზოგადად, ეს ოჯახი გამოირჩეოდა სხვადასხვა ბიზნესმენებისადმი საკმაოდ მძიმე მიდგომით. ისინი ბიზნესმენების მიმართ, რომლებსაც ვერ იმორჩილებდნენ, ახორციელებდნენ რეპრესიებს და ერთ-ერთი ასეთი იყო ჩემი ოჯახი. მე მოთხოვნებს არ დავემორჩილე. მაშინ აწიოკებდნენ ყველა ბიზნესმენს, სთხოვდნენ თანხებს, იფორმებდნენ ბიზნესებს. წარმატებულ ბიზნესმენებს ამოიღებდნენ მიზანში და იწყებოდა მისი „დამუშავება“. თუ მოძებნიდნენ საერთო ენას, გადარჩებოდა დროებით მაინც, ხოლო თუ ასე არ იქნებოდა, მუშაობას იწყება რეპრესიული მანქანა და იწყებოდა ბიზნესმენებისთვის ძალიან მძიმე ცხოვრება. დღესდღეობით ვარ გამარჯვებული და ბედნიერი“,- განაცხადა ნამორაძემ.
დეველოპერის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც სოდ-ის ხელმძღვანელები იყვნენ, მათ შორის ერეკლე კოდუა, სამმართველოს უფროსები, რიგითი თანამშრომლები, ყველა მივიდა პროკურატურაში და აღიარა დანაშაული ნამორაძის მიმართ. ნამორაძის ინფორმაციით, ამ ადამიანებმა აღიარეს, რომ დავალებები მიიღეს ერეკლე კოდუასგან და არ შეეძლოთ, რომ ეს დავალება არ შეესრულებინათ.
„ამ ადამიანებმა ნამორაძეების ოჯახი მოსპეს. მე წლები გამიშვეს ციხეში, და შეიძლება ვერ დამეღწია თავი საპყრობილესთვის, თუმცა ვიბრძოლე რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ და დღეს დადგა შედეგი. დღეისთვის სააპელაციო სასამართლომ და პროკურატურამ მე მცნო დაზარალებულად და ის სიბინძურე, 2008 წლის ტალახი მთლიანად ჩამომირეცხა. დადგა სამართლიანი განაჩენი, რისი მადლიერებიც ვართ“,- განაცხადა ნამორაძემ. ის ბიზნესმენებს, რომელთა მიმართაც რეპრესიები განხორციელდა, მხარდაჭერას უცხადებს.