სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის დაკავებულები, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას მოძრაობა ხმა ავრცელებს, რომლის წევრებიც არიან დაკავებულები.
“გასაჩივრებული გვქონდა პატიმრობა და ვითხოვდით მის შეცვლას თავდებობით/გირაოთი. პროკურატურა კი ბრალის აღიარებასა და ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
გიორგიმ და კაკომ სასამართლოს პირველივე სხდომაზე თქვეს, რომ აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებას აღიარებდნენ და მზად იყვნენ, ზიანი აენაზღაურებინათ. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ადვოკატები ცდილობდნენ, აღსრულების ბიუროსგან მიეღოთ ცნობა, სად უნდა ჩაერიცხათ ზიანის ანაზღაურება. თუმცა, ამ დრომდე პასუხი ვერ მიიღეს. ადვოკატები პროკურატურასთან საუბარს აგრძელებენ და ცდილობენ, გაარკვიონ რა ხდება”. – წერია მოძრაობა ხმის განცხადებაში.
23 იანვარს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. შსს-ს ცნობით, 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას 25 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.