სააპელაციომ სილის გაწვნის გამო გიგაურისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა პროევროპული აქციების მონაწილე ანატოლი გიგაური, რომელიც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო გაასამართლეს. განაჩენი დღეს, 20 ოქტომბერს, გამოცხადდა.
ანატოლი გიგაური გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებული თავს დაესხა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს და მასზე ფიზიკურად იძალადა.
· მას პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს – სასჯელი კი ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობაა;
· თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ბრალი გადააკვალიფიცირა და გიგაური დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – ძალადობა პოლიციელის მიმართ, რაც ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობით.
ანატოლი გიგაურის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ კაცი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, როცა პოლიციელს ხელი მოუქნია. მისი განმარტებით, საქმეში არსებული ვიდეომასალიდან ჩანს, დაზარალებულის სტატუსის მქონე პატრულ-ინსპექტორი როგორ ურტყამს ანატოლი გიგაურს მუშტს სახეში, ხოლო რამდენიმე წამის შემდეგ, განმეორებითი მცდელობისას გიგაური იქნევს ხელს, რაც ადვოკატის მტკიცებით, სწორედ იმას ნიშნავს, რომ გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
ფორუმი