სააპელაციომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტისთვის დაკისრებული 200-ლარიანი ჯარიმა გააუქმა

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, რომეო ტყეშელაშვილის განკარგულება რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნინო თარხნიშვილის 200 ლარით დაჯარიმების შესახებ.
ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ მიიღო.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 7 ივლისს, მაშინ დააჯარიმა, როდესაც ის პროევროპული აქციების მონაწილის, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო სხდომას ესწრებოდა.
რომეო ტყეშელაშვილმა ნინო თარხნიშვილი “სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისთვის” დააჯარიმა. ის ამბობდა, რომ მას შემდეგ რაც მოსამართლე დარბაზში შევიდა და დარბაზში მყოფნი, მათ შორის ჟურნალისტები, ფეხზე წამოდგნენ, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სკამზე სასამართლოს ნებართვის გარეშე, დროზე ადრე დაჯდა.
რადიო თავისუფლება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განჩინებას აქვეყნებს, სადაც ის წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ვიდეო-ჩანაწერით დგინდება, რომ ნინო თარხნიშვილი შესვენებიდან დააბრუნებულ სასამართლოს, სხდომის მდივნის მოწოდებისთანავე ფეხზე წამოუდგა:
“თბილისის სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნინო თარხნიშვილის მიზანი არ იყო სასამართლოს უპატივცემულობა, ხოლო ის ფაქტი, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში დამსწრე პირი, ნინო თარხნიშვილი შესვენებიდან დაბრუნებულ სასამართლოს, სხდომის მდივნის მოწოდებისთანავე ფეხზე წამოუდგა, მაგრამ სასამართლოს ნებართვის გარეშე დაჯდა, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად და სხდომის თავმჯდომარის განკარგულების დაუმორჩილებლობად მიჩნევის საკმარის საფუძვლად ვერ ჩაითვლება.