არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან ინფორმაციის გამოთხოვნაზე სააპელაციო სასამართლომაც დააკმაყოფილა.
არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას არ აპირებენ და აგრძელებეთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად.
„სააპელაციო სასამართლომ, რომლის თავმჯდომარე აშშ-სა და ბრიტანეთისგან სანქცირებული ჩინჩალაძეა, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება სულ ცოტა 10 კანონის დარღვევით გამოიტანა. მოთხოვნები, მათ შორის, ეწინააღმდეგება:
· საქართველოს კონსტიტუციას;
· პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას;
· უფლებადამცველთა კონფიდენციალობის საერთაშორისო სტანდარტებს;
· ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
კიდევ ერთხელ ცალსახად ვაცხადებთ, არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების ნდობის ღალატს. არავის მივცემთ წვდომას იმ ადამიანების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ვისაც ჩვენ დავხმარებივართ. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ მოქალაქეების და არა ივანიშვილის მიმართ“, — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მათ საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რისი გასაჯაროებაც არ იკრძალება კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობებით, შეუძლიათ გაეცნონ მათ ვებ გვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ამიტომ, ჩვენ დამატებით დოკუმენტებს ანტიკორუფციულ ბიუროს არ გაუგზავნიან.
„ივანიშვილი თავისი რეპრესიული პოლიტიკის ფარგლებში ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განადგურებას პუტინის რუსეთის მსგავსად ცდილობს. ეს ივანიშვილის ანტი-დასავლური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის მოშლას და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების განადგურებას ემსახურება. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 2025 წლის ივნისში ანტიკორუფციულმა ბიურომ სასამართლოს მეშვეობით მოითხოვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების — წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების შესახებ, ასევე ინფორმაცია ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით.
