სააპელაციომ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე ოკმელაშვილი 5-წლიან პატიმრობაში დატოვა

28 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგის, 2024 წლის მაისში საკუთარ სახლში დაკავებული დემონსტრანტის, გიორგი ოკმელაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი – 5-წლიანი პატიმრობა.
გადაწყვეტილება დღეს, 28 აპრილს, გამოაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა.
ის 2022 წლიდან არის სააპელაციოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. 2019 წლიდან მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს.
ოკმელაშვილის ადვოკატმა კობა ბარამიამ თქვა, რომ საქმეს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, შემდეგ კი გეგმავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) მიმართონ.
ოკმელაშვილს, – რომელიც სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელია, – თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 თებერვალს მიუსაჯა 5-წლიანი პატიმრობა.
ის თავიდან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ქსნის ციხეში – დახურული ტიპის დაწესებულებაში – გადაიყვანეს ისე, რომ ოჯახისთვის არ უცნობებიათ.
ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს დააკავეს საკუთარ სახლში და პოლიციელზე ძალადობის ბრალი წაუყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილს, – რომელმაც მას 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა – ლიეტუვის მთავრობამ სავიზო სანქციები დაუწესა. გელაშვილი ასევე იყო ს ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, გიორგი ბაჩიაშვილის მოსამართლე – მას 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.
ოკმელაშვილი ერთ-ერთი იყო პროტესტის წინა, 2024 წლის ტალღის დროს დაკავებულთაგან, რომლის საქმის განხილვასაც სასამართლო, უფლებადაცვითი ორგანიზაციების შეფასებით, განგებ აჭიანურებდა.
კერძოდ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და სხვები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ გაჭიანურება უკავშირდებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს უფლებამოსილების ვადის ამოწურვას, რათა მას ვერ შეეწყალებინა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულები.