ქეთევან ქემოკლიძის მიღწევები საკმაოდ შთამბეჭდავია, შესაბამისად, საინტერესოა მისი ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება როგორც მისი სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, ასევე ნებისმიერი ქალისთვის, რომლისთვისაც ოჯახი და წარმატებული კარიერა ძალიან მნიშვნელოვანია.
-ადამიანი თვითონ არის საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. მეც, როგორც შემიძლია, ვცდილობ. შეიძლება ყველაფერი შენზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ცდა აუცილებელია.
– საკმაოდ აქტიური სეზონი გაქვთ. ზაფხულში დასვენებას არ გეგმავთ?
– ჩემთვის ზაფხული დასვენებასთან არ ასოცირდება. ოპერის მომღერლებს, საზაფხულო ფესტივალებიდან გამომდინარე, ზაფხული ძალიან აქტიური გვაქვს. მიყვარს კიდეც ზაფხულში ბევრი მუშაობა. დასვენება უფრო შემოდგომით მომწონს, რადგან, როცა ბავშვები სკოლაში მიდიან, მირჩევნია, მათთან ერთად ვიყო. ზაფხულში დასვენება მხოლოდ აგვისტოს მცირე მონაკვეთს მოიცავს და თუ ეს დრო მომეცა, ვცდილობ, დრო საქართველოში გავატარო, ოჯახთან და შვილებთან ერთად. ეს პერიოდი ჩემთვის ოჯახურ, დიდ შეკრებასთან ასოცირდება. მშობლები, დისშვილები, ჩემი შვილები – ყველანი ერთად. ეს გარემო ძალიან მიყვარს და ჩემთვის უდიდესი ენერგიის წყაროა. ოჯახური ხმაურიანი გარემო დიდი მუხტია ჩემთვის. საბედნიეროდ, დიდი ოჯახი გვაქვს – ექვსი ბავშვი, უფროსები, ბებია-ბაბუები და ჩვენს დიდ სახლში, თიანეთში, სიონში, მართლა საოცარი ჟრიამულია ხოლმე. ისეთი ხმები გადის ჩვენი სახლიდან, იფიქრებ, რომ იქ ორასი კაცი ცხოვრობს. ორასი არა, მაგრამ ოცი ნამდვილად ვართ.
– ორი შვილის დედა ხართ. ასეთი კარიერის ფონზე, როგორ გამოგდით დედობა, რას ახერხებთ კარგად და სად გაქვთ შენიშვნები საკუთარ თავთან?
– შენიშვნები საკუთარ თავთან, ჩემი პროფესიიდან თუ ხასიათიდან გამომდინარე, მუდმივად მაქვს. ამაზე რომ დავიწყო საუბარი, ინტერვიუ ძალიან გაგვიგრძელდება. იდეალურად არავის არაფერი გამოსდის და გამონაკლისი არც მე ვარ. ვცდილობ, რომ კარგი დედა ვიყო. შედეგი, ალბათ, უფრო მომავალში გამოჩნდება. დრო ხან არის, ხან – არა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ოჯახს გარეთ ყოფნა, მაგრამ ვცდილობ, დედის მოვალეობები შესაბამისად შევასრულო. ჩემი შვილი მეუბნება ხოლმე, შენ ხარ დედა „რა? სად? როდის? რატომ? როგორ? რამდენჯერ?“ როცა სადმე მივდივარ, ძალიან ხშირად ვრეკავ, რადგან მინდა, საქმის კურსში ვიყო იმის შესახებ, რაც ჩემი შვილების ცხოვრებაში ხდება. თინეიჯერს კი ეს კითხვები უკვე აღარ მოსწონს, მაგრამ რა ვქნა, დედის გული ასეთია. თვითონაც რომ გახდება მშობელი, მიხვდება, რომ ასეთია ცხოვრების წესი.
ბუნებრივია, რომ დახმარების გარეშე ვერაფერს მოვახერხებდი. ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლე, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ძალიან დაკავებულია. ჩემი მშობლები მეხმარებიან ძალიან, ჩემი და. ეს გუნდური მუშაობაა. სცენაზე თუ სოლისტი ვარ, ამ საქმეში გუნდის ნაწილი ვარ და ერთიანი ძალებით ყველაფერი გამოგვდის. ისიც მიხარია, რომ ჩემი შვილები ხედავენ დახმარებისა და ერთმანეთის გვერდში დგომის ძალას. რასაკვირველია, დედის დანაკლისს გრძნობენ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ასე არ იყოს.
სრულად იხილეთ tbiliselebi.ge-ზე