საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. მისი თქმით, ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებათა განადგურების, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საფუძვლიანია.
მან არ დააკმაყოფილა სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობები მოსამართლის აცილებისა და პროცესის გადადების შესახებ.
ადვოკატებმა გადაწყვეტილება აბსურდულად შეაფასეს, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი ისედაც დაპატიმრებულია სხვა საქმეზე.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 5 საქმეზე დაიწყო გამოძიება. აქედან ორში (გელაშვილის ცემის და გირგვლიანის საქმეები) სააკაშვილი მსჯავრდადებულია და პატიმრობაც აქვს მისჯილი. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებები არ აქვს მიღებული საზღვრის კვეთის, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების საქმე) და 7 ნოემბრის საქმეებზე.