საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს. მის ფეისბუქგევერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გამიზნულად არავის გაათავისუფლებენ სამსახურიდან.
სააკაშვილი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, არ შეასრულონ უკანონო დავალებები და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი თავისუფალი არჩევანი თამამად დააფიქსირონ.
“მოგმართავთ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი. ივანიშვილი, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს გაშინებთ თქვენ, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში თქვენ გემუქრებათ რეპრესიები და სამსახურის დაკარგვა, ოლიგარქი როგორც ყოველთვის იტყუება. ახალი ხელისუფლების პირობებში არანაირი გამიზნული დათხოვნები არ იქნება, უფრო მეტიც თქვენი ხელფასი მკვეთრად მოიმატებს და თქვენი სამსახური ბევრად უფრო პრესტიჟული გახდება, ეს ეხება პოლიციელებს, სამინისტროების და ადგილობრივი თვითმმართველობების, აიპ/სიპ-ის მუშაკებს, პედაგოგებს. ერთადერთი პირობა იქნება, რომ არ წახვიდეთ თქვენი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულოთ არჩევნების მოპარვაზე გათვლილი ბრძანებები და პოლიციელების შემთხვევაში არ დაღვაროთ სისხლი და არ შეასრულოთ ძალადობრივი, უკანონო ბრძანებები მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამ წელიწადზე მეტია, რუსეთის უკანონო ტყვე ვარ საქართველოში, მეც კი არ გავბოროტებულვარ და პირიქით თანაგრძნობაც კი გამაჩნია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც უხდებოდა მთელი ეს დრო ჩემს მიმართ არაადამიანური, უკანონო ბრძანებების შესრულება. 26 ოქტომბრის შემდეგ ყველამ მომავალში უნდა გავიხედოთ და შევწყვიტოთ წარსულის ქექვა და ამ გადასვლაში თითოეული საჯარო მოხელის მონაწილეობა გადამწყვეტია!”, – წერს სააკაშვილი.
საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკითა და აღქმებით, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ხშირად განიხილებიან, როგორც ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას. ასევე, ერთგვარი “გარანტირებული ხმები” მმართველი პარტიისთვის.
საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნაწილი სხვადასხვა საფუძვლით – პირდაპირი ზეწოლის, დავალების, ცრუ მოლოდინების, სამსახურის და სტაბილური შემოსავლის დაკარგვის შიშით თუ სხვა მიზეზებით – შესაძლოა, ვერ ახერხებდეს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას არჩევნებზე.
ცხადია, ეს არ ეხება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ყველა ადამიანს. თუმცა პრაქტიკაში გვხვდება ამ და მსგავსი შემთხვევების არაერთი მაგალითი. სახელმწიფო სამსახურისა და პარტიული ინტერესების ერთმანეთისგან გამიჯვნა ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა საქართველოში.
გაეცანით “ნეტგაზეთის” სტატიას იმის შესახებ, თუ რა გზავნილები აქვთ ოპოზიციურ პარტიებს საჯარო მოხელეების მიმართ:
რა გზავნილი აქვს ოპოზიციას იმ საჯარო მოხელის მიმართ, ვისაც არჩევნების შემდეგ სამსახურის დაკარგვის ეშინია