თქვენ იცით, რომ 23-ში ჩვენ გვაქვს ჩვენი მანიფესტის [პრეზენტაცია]. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანაირი შეცდომა, რაც იყო დაშვებული, აღმოიფხვრას. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი, ძალიან ბევრი ასეთი დამსახურებული ადამიანი, რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკურ საბჭოდან, დაბრუნდეს პოლიტიკურ საბჭოში. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, მე ვიღებ ჩემს თავზე ხელმძღვანელობას, მე ვიღებ ჩემს თავზე იმას, რომ რეინტეგრაცია მოვახდინოთ პარტიის და პარტია იყოს გახსნილი სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვის ასევე. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა, ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
ისმოდა ხშირად, რომ საქართველოს პრემიერმინისტრად დამასახელონ მე, პრემიერმინისტრის დასახელება ჯერ არის ძალიან ადრე, ჩემო მეგობრებო, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ გასამარჯვებლად და არა საპატიო მეორე ადგილისთვის.
რაც მთავარია, საარჩევნო სიები უნდა შედგეს არა ვიღაცის გარიგებით, არამედ ქვემოდან ზემოთ, პარტიის ყველა წევრმა უნდა მისცეს ხმა საარჩევნო სიაში მყოფ ადამიანებს.
თქვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას. სააკაშვილი გამოეხმაურა ენმ-ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 23 ნოემბერს პარტიის შიდა დაპირისპირებებთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. მათ შორის, ცნობილი გახდება მომავალ საარჩევნო პროცესში მიხეილ სააკაშვილის ჩართულობის შესახებ გადაწყვეტილებაც.