“ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო” – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს და სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციაზე თავისი ხელმოწერის ფოტოს აქვეყნებს.
ამასთან, მესამე პრეზიდენტი მადლობას უხდის გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უარი თქვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწვევაზე დასწრებაზე და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის ინიციატივას იქამდე არ მოაწერს ხელს, ვიდრე მასზე არ იქნება სააკაშვილის ხელმოწერა.
სააკაშვილის თქმით, “როგორც პუტინის და რუსული რეჟიმის პატიმარი, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ააფრიალა საქართველოში ევროპის დროშა, დარწმუნებულია სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში”.
“ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო.
მე ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ.
გამარჯვების კოალიცია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ესწრება საერთო შეკრებას და მათ ვატან ჩემ მიერ ხელმოწერილ პეტიციას.
მე როგორც პუტინისა და მისი რუსული რეჟიმის პირადი პატიმარი, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ავაფრიალე ევროპის დროშა საქართველოში დარწმუნებული ვარ სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში.
დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია საქართველოში.
ასევე მე მხარს ვუჭერ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსული რეჟიმი დამიკარგოს ჩემი წვლილი ევროპისკენ მოძრაობის საქმეში, ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩემ დროს საქართველო ლიდერი იყო სამეულის და ახლა ჩამორჩენილის პოზიციაში ვართ და წინ უკრაინა მიგვათრევს”, – წერს სააკაშვილი.
ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება. შენი ხმა ევროპას კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ელჩები. პრეზიდენტის მიწვევა მიიღეს ოპოზიციის წევრებმაც.
ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.
2023 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა პეტიცია, სახელწოდებით “ჩვენი ხმა ევროპას”. ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სთხოვს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.