პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე მიღებული განაჩენი. მისი შეფასებით, ამით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
„ნაცვლად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში გამართულიყო სასამართლო სხდომები, ყოფილიყო მხარეთა შორის პაექრობა, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში და მსგავსი ტიპის საქმეზე ასევე უპრეცედენტოა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. მიხეილ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება ფაქტობრივად წაერთვა“, – თქვა ბექა ბასილაიამ 16 მაისს გამოტანილ სააპელაციო განაჩენზე.
მისი თქმით, მათ სააპელაციო განხილვებზე სურდათ აეხსნათ, რატომ იყო სააკაშვილისთვის საბოლოო სასჯელად განსაზღვრული 12,5-წლიანი პატიმრობა დაუსაბუთებელი:
„ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის ფარგლებში, ფაქტობრივად მისი საპროცესო უფლებებიც გაუქმებულია და მიხეილ სააკაშვილი ელემენტარული საპროცესო უფლებებით ვერ სარგებლობს“.
ორი თვით ადრე, 16 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ის დამნაშავედ ცნო ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთისთვის და უშუალოდ ამ საქმეზე ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილისთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, მოსამართლე ჯინჯოლიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 12 წელსა და 6 თვეს გაატარებს.
მიხეილ სააკაშვილს კიდევ სამ საქმეზე აქვს პატიმრობა მისჯილი:
· მის წინააღმდეგ პირველი განაჩენი 2018 წლის 6 იანვარს დადგა – თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე (მსჯავრდადებული პირების შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით;
· 2018 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას კვლავ დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს 2005 წელს თავს დაესხნენ და სცემეს. სააკაშვილს სწორედ ამ საქმეში, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი;
· ერთ-ერთი ბოლო განაჩენი 2025 წლის 12 მარტს დადგა, როცა მიხეილ სააკაშვილი უკვე სამი წლის დაპატიმრებული იყო. მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სააკაშვილს ბრალი წაყენებული აქვს კიდევ ერთ საქმეზე – „იმედის დარბევის“ საქმეზე მას ედავებიან 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანიაში შეჭრასა და მის „ხელში ჩაგდებას“. ამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. პოლიციამ იგი არჩევნების წინა დღეს დააკავა. დაკავებამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში ყოფნის დასადასტურებლად ვიდეოებს ფეისბუკგვერდით ავრცელებდა.
ფორუმი
