სააკაშვილზე რეზოლუცია ფაქტებით გაუმყარებელია, რასაც თავისივე კომუნიკაცია მოწმობს სტრასბურგთან – მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის 25 აპრილის რეზოლუცია, რომელიც „აგენტების კანონს“ უკავშირდებოდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ს შესახებ „ფაქტებით გაუმყარებელია“ და რეზოლუციის ტექსტთან წინააღმდეგობაში მოდის თავად სააკაშვილის სტრასბურგის სასამართლოსთან კომუნიკაცია.
რატი ბრეგაძემ 29 აპრილს იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 18 აპრილს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართა სტრასბურგის სასამართლოს საჩივრის გახმობის მიზნით და მიუთითა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო.
„ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში მოთხოვნილია, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს ჰუმანიტარული მიზნით და და გადაყვანილი იყოს უცხო სახელმწიფოში სამკურნალოდ. სრულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე. 18 აპრილს ჯერ კიდევ სააკაშვილი თავად ითხოვს სარჩელის ამორიცხვას, ასევე აღნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, ხოლო ევროპარლამენტის რეზოლუციაში კი მოთხოვნილია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისი განცხადებით, ეს მოწმობს, რომ ეს „რეზოლუციის მინიმუმ ეს პუნქტი არის საკმაოდ ტენდენციური“, ხოლო ევროპარლამენტარებზე „დიდი გავლენა იქონია დეზინფორმაციამ, რასაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებენ“.
მინისტრის ცნობით, ამ საკითხზე შეტყობინება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან 25 აპრილს მიიღეს.
სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გაიწვია და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბოლო სასამართლო პროცესზე, – რომელიც17 აპრილს გაიმართა, – განმარტა, რომ მისი საკითხი მეორეხარისხოვანია.
რაც შეეხება მინისტრის მიერ რეზოლუციის კონტრარგუმენტად მოხმობას, ადვოკატი ამბობს, რომ ეს ორი სხვადასხვა საკითხია:
„ევროპარლამენტის რეზოლუცია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკურად მსჯავრდებული პირი, – სამართლიანი სასამართლოს უფლებაზეა საუბარი, – ეს სარჩელი კი ეხებოდა სიცოცხლის უფლების შეზღუდვას“, – ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
მისი თქმით, გადაწყვეტილება სარჩელის გახმობის თაობაზე მიღებული იყო იმაზე დაყრდნობით, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ
· მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, და ამაზე დავას არ მიიჩნევს;
· როგორც თავად აღნიშნა, არ მიაჩნია მიზანშეწონილად მასზე საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება.
25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია, რომელსაც არასავალდებულო ხასიათი აქვს, ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება.
სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუციის ერთ-ერთი შესწორებით ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე და ნება მისცეს, მიიღოს შესაფერისი სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ; ხაზს უსვამს, რომ მისი საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სასამართლო სისტემაში არსებითი რეფორმის განხორციელების აუცილებლობას“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს – მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.
დაწერეთ კომენტარი