საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიგა კობალაძე მის ორგანიზაციაში ფინანსური პოლიციის შესვლასა და გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა. კობალაძე რუსეთის ინტერესებზე საუბრობს და ამბობს, რომ ფინანსური დარღვევების შესახებ ბრალდებები გამოგონილია.
“ჩვენთან ფინანსური პოლიცია დღეს, შუადღეს შემოვიდა. დოკუმენტაცია, კომპიუტერები – ყველაფერი წაიღეს. ეს იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება და ერთგვარი დაგვირგვინებაა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მიმართ მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რუსეთმა მოახერხა და საქართველოში საავტორო უფლებების სფერო ხელში უკვე ჩაიგდო. როგორც იცით, რუსულმა ორგანიზაციამ აკრედიტაცია მიიღო. ახლა კი ამით არ კამყოფილდება და უნდა, რომ ველი მთლიანად მოასუფთაოს და ის ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელიც ჩვენი სახით კიდევ დარჩა, ესეც არ უნდა, რომ იყოს. ამიტომ, ეს რაღაც ბინძური აბსურდი მოიგონეს. ვითომ რაღაც ფინანსური დარღვევები. გარწმუნებთ, ეს ყველაფერი გამოგონილია”. – თქვა კობალაძემ მედიასთან საუბარში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, უწყებამ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ისინი ამბობენ, რომ საგამოძიებო სამსახურში განცხადება ავტორ-შემსრულებლებმა შეიტანეს.