საავადმყოფოები გადატვირთულია გარდაცვლილი და დაშავებული მომიტინგეებით, ახალგაზრდებს თავებსა და გულებში აქვთ ნასროლი – მორგში ადგილი არ იყო, ცხედრები ერთმანეთზე დააწყვეს – ირანელი მედიკოსები
ირანში მიმდინარე მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს პირდაპირი დამიზნებით თავებსა და გულებში აქვთ ნასროლი – ამის შესახებ საავადმყოფოს თანამშრომლებმა BBC-ს განუცხადეს.
გამოცემა სამი სხვადასხვა კლინიკის პერსონალზე დაყრდნობით წერს, კლინიკებში პაციენტების რაოდენობა იმდენად ბევრი იყო, რომ ექიმებს გულ-ფილტვის რეანიმაციის პროცედურისთვის დრო აღარ რჩებოდათ.
„ახალგაზრდებს თავში და გულში პირდაპირი დამიზნებით აქვთ ნასროლი. ბევრმა მათგანმა საავადმყოფომდეც კი ვერ მიაღწია და მანამდე გარდაიცვალა. რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ მორგში საკმარისი ადგილი არ იყო,ცხედრები ერთმანეთზე დააწყვეს. მორგის შევსების შემდეგ, ისინი ერთმანეთზე დააწყვეს სალოცავ ოთახში. „ბევრ მათგანს ვერ ვუყურებდი, ისინი 20-25 წლის იყვნენ“,- აღნიშნა მედიკოსმა.
„დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ძალიან მაღალი იყო. ვნახე ერთი ადამიანი, რომელსაც თვალში ესროლეს და ტყვია თავის უკანა მხრიდან ჰქონდა გამოსული“, – განუცხადა თეირანის სამედიცინო ცენტრის ექიმმა BBC-ს.
ირანის ქალაქ ქაშანიდან კიდევ ერთმა ექიმმა BBC-ს განუცხადა, რომ დაშავებულ მომიტინგეებს ჭრილობები თვალებში ჰქონდათ მიყენებული.
BBC-ის სპარსული სამსახურის ინფორმაციით, პარასკევს ღამით ქალაქ რაშტის პურსინას საავადმყოფოში 70 ცხედარი მიასვენეს.
ამასთან, ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე სულ მცირე, 116 ადამიანი მოკლეს და 2 600-ზე მეტი დააკავეს. ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი.
tvpirveli.ge




