“რძის სკანდალის” საქმე – სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა იმართება

დღეს, “რძის სკანდალის” საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა იმართება. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს – „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 5 მილიონი ლარამდე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. დღეს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებებს გამოიკვლევს და საქმეზე განხილვას დაასრულებს. სააპელაციო სასამართლო დღეს მტკიცებულებებს გამოიკვლევს და საქმეზე განხილვას დაასრულებს.
როგორც კომპანია “ჩირინას” ადვოკატი, გიორგი გეწაძე აცხადებს, სხდომაზე, შესაძლებელია, გამოცხადდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ან მომდევნო სხდომამდე გადაიდოს. უშუალოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება კი მხარეებს მოგვიანებით გადაეცემათ.
“დღეს არის მეორე სხდომა, სადაც განიხილება მტკიცებულებები. ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ. შეიძლება დღესვე გამოვლინდეს გადაწყვეტილება, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია. მოლოდინია, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდება.
ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი და იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო წერტილს დაუსვამს იმ აბსურდულ გადაწყვეტილებას, რაც პირველი ინსტანციის მიერ იქნა გამოტანილი“, – განაცხადა გიორგი გეწაძემ.
ინფორმაციისთვის, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა“ თავადაც იყენებს. კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ეყრდნობოდა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს. კომპანია „ჩირინა“ იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ შეფასებას გააკეთებს, რაც საქმის სამართლიანად გადაწყვეტას უზრუნველყოფს. „ჩირინა“ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, რომელსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ათასამდე ადამიანს ასაქმებს. ხარისხიანი ქართული პროდუქტის წარმოებასათან ერთად კომპანიას ქვეყანაში ინოვაციური მიდგომები და ცოდნა შემოაქვს. 5 მილიონამდე ლარით დაჯარიმება კი სერიოზული ფინანსური დარტყმა იქნება „ჩირინასთვის“ რამაც, შესაძლოა, კომპანიის გაკოტრება გამოიწვიოს – აღნიშნული უარყოფითად აისახება არამხოლოდ დასაქმებულებზე, არამედ, ზოგადად, სექტორის განვითარებაზე.