“რძის საწარმოს 50%-ით გაფართოების პოტენციალი აქვს” – რატომ ვერ ფართოვდება “მარიტა”?

წალკაში მდებარე, რძის პროდუქტების საწარმოს „მარიტა“ დამფუძნებლის, ქეთი ბოლქვაძის განცხადებით, საწარმოს გაფართოების 50%-იანი პოტენციალი აქვს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
ბოლქვაძის ცნობით, საწარმოს განვითარებისთვის, დაახლოებით 40 000 დოლარის ინვესტიციაა საჭირო, რათა ახალი დანადგარები შეიძინონ. თუმცა, საგრანტო პროგრამებში რესურსის მოძიება მათ ვერ მოახერხეს. შესაბამისად, ვერ ახერხებენ გადაიარაღებას და 100%-ით არსებული რესურსის ათვისებას.
„გამოწვევები ძალიან ბევრი გვაქვს. შარშან მინი დაფინანსება მოვიპოვეთ, მაგრამ ეს ჩვენთვის ზღვაში წვეთი იყო. საწარმოს პოტენციალი აქვს, რომ წარმადობა 50%-ით გაიზარდოს. სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში ვიღებდით მონაწილეობას ამისთვის, თუმცა არაფერი არ გამოგვივიდა. მათ შორის ქალი მეწარმეების საგრანტო პროგრამაშიც, არადა ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი.
დაახლოებით 20 000 დოლარიდან 40 000 დოლარამდე ინვესტიცია გვჭირდება, რომ საწარმოსთვის დამატებით დანადგარები შევიძინოთ, მეტი პროდუქციის წარმოებას შევძლებდით. ყველანაირად გამართულია, ფართიც არის, თუმცა სჭირდება დანადგარები“, – ამბობს ქეთი ბოლქვაძე.
მეწარმის ცნობით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ბიზნესზე პირდაპირ აისახა, მათ შორის მათ ბიზნესზეც. საქმე ისაა, რომ იმ ობიექტებმა, რომლებიც მათ პროდუქციას ყიდდნენ, მათმა ნაწილმა მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მოთხოვნა აღარ ჰქონდათ, შესაბამისად არც გაყიდვები.