,,რუსულ კანონს არ დავემორჩილებით და “რეესტრში” არ დავრეგისტრირდებით”- საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსულ კანონს არ დაემორჩილება და “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში” არ დარეგისტრირდება. გადაწყვეტილება ორგანიზაციის საერთო კრებაზე ერთხმად მიიღეს.
“საიას იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზაცია სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს. ბრძოლის პარალელურად, საია აცნობიერებს, რომ ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმები, რომლის გადახდაც ჩვენი ინტერესებისთვის გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. კანონის რეპრესიული მოქმედების პირობებში, ჩვენი საქმიანობის გაგრძელების გრძელვადიან სტრატეგიას საიას გამგეობა დაამტკიცებს 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში, წევრთა მორიგი საერთო კრების მოწვევამდე, რომელსაც წარუდგენს საერთო კრებას”. – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
საიას განცხადებით, რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის.
“კანონის მიღებით, ხელისუფლებამ განზრახ შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, საერთაშორისო რეპუტაციას, სამოქალაქო წესრიგს, მშვიდობასა და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ამ კანონით, უცხოური ძალის ინტერესების გატარებად ცხადდება ის საქმიანობა, რასაც საია დაარსების დღიდან საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად და სამართლის უზენაესობის პრინციპების დასამკვიდრებლად აკეთებდა და აკეთებს.
რეგისტრაცია რეესტრში, რომელიც საქართველოს და ქართული საზოგადოების სასიკეთოდ განხორციელებულ საქმიანობას უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს და იწვევს ორგანიზაციის სტიგმატიზებას, შეუთავსებელია საიას მისიასთან, მიზნებთან, პრინციპებთან და წარმოადგენს ორგანიზაციის დამაზიანებელ ქმედებას”. – წერია საიას განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ