რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად და ბლოკის წევრი სახელმწიფოებისთვის სტაბილური ენერგიისა და ფასის უზრუნველსაყოფად ევროკომისიამ ენერგო საგზაო რუკა შეიმუშავა.
ბრიუსელში აცხადებენ, რომ გეგმა ევროკავშირის ბაზარზე რუსულ ნავთობზე, გაზსა და ბირთვულ ენერგიაზე ეტაპობრივად უარის თქმასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს.
საგზაო რუკის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მოამზადონ ეროვნული გეგმა, რომელშიც დეტალურად გაწერენ, როგორ აპირებენ უარის თქმას რუსულ ენერგიაზე.
საგზაო რუკა მოიცავს რამდენიმე ზომას. პირველი მოიცავს 2027 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის ბაზრებზე რუსული გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას. ცნობილია, რომ რუსული გაზის მომწოდებლებთან ახალი კონტრაქტების დადება თავიდან იქნება აცილებული და სპოტური კონტრაქტები 2025 წლის ბოლომდე შეწყდება. გზამკვლევის თანახმად, ევროკავშირმა უნდა მიიღოს ახალი ზომები რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობის ტრანსპორტის პრობლემის მოსაგვარებლად. ენერგო საგზაო რუკა მოუწოდებს ევრობლოკს, შეზღუდოს ევროატომის მომარაგება რუსეთიდან მოპოვებული ურანის, გამდიდრებული ურანისა და სხვა ბირთვული მასალებით.
ევროკომისიის თანახმად, რუსულ ენერგიაზე ეტაპობრივად უარის თქმით შემცირდება ევროკავშირში ამჟამად არსებული უსაფრთხოების რისკები. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ სუფთა და დამოუკიდებელი ენერგეტიკული სისტემა დაეხმარება ეკონომიკის გაძლიერებას, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპის დეკარბონიზაციის მიმართულებით.
ასევე ცნობილია, რომ მიმდინარე წლის ივნისში ევროკომისია გეგმავს, ენერგო საგზაო რუკის მხარდამჭერი საკანონმდებლო წინადადება წარადგინოს.
2022 წლის მაისში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული ევროპის რუსეთის გაზზე დამოკიდებულების აღმოფხვრის გეგმის მეშვეობით ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტის წილი 45-დან 19%-მდე შეამცირა. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ევრობლოკში კვლავ მზარდია რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მაჩვენებელი.
წყარო: euronews georgia
